რა ღირს ახალი „მოსკვიჩი“

მოსკოვში 23 ნოემბერს ბრენდ Москвич-ის ქვეშ ოფიციალურად აიღო სტარტი მოდელ Москвич 3-ის წარმოებამ. ახლა კი კომპანიამ მისი ფასიც გამოაცხადა. რუსეთში აღნიშნული ავტომობილი 1,6-2 მლნ რუბლი ეღირება ყოველგვარი შეღავათის გარეშე. დღევანდელი კურსით კი ეს ფასი არის დაახლოებით 27-33 ათასი დოლარი. მოდელის გაყიდვები დეკემბერში დაიწყება.

"Москвич 3" - ეს არის საქალაქო ქროსოვერი, რომელიც რეალურად გახლავთ ემბლემა შეცვლილი ჩინური ქროსოვერი JAC JS4 . კომპანია მის შიგაწვისძრავიან და ელექტრო ვერსიასაც გამოსცემს. ავტომობილი აღჭურვილია ბენზინის 150-ძალიანი ძრავით. ავტომობილს მყიდველს მექანიკით ან ავტომატიკით შესთავაზებენ.

ეს არის პირველი მოდელი, რომელიც Москвич-ის ქარხანამ გამოსცა, წლის ბოლომდე მის მხოლოდ 600 ეგზემპლარს გამოსცემენ, აქედან 200 იქნება ელექტრო. 2023 წელს კი მოცულობა გაიზრდება 50 ათასამდე, ხოლო 2024 წელს 100 ათასამდე.

კოკა კვირკველია