ბრიუსელის სამიტზე ევროკავშირის ლიდერები რუსეთისათვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

ბრიუსელის სამიტზე ევროკავშირის ლიდერები რუსეთისათვის სანქციების შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.

"ბიბისის" ცნობით, მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები წლის ბოლომდე გახანგრძლივდება. ევროპელი ლიდერების განცხადებით, სანქციები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დაწესდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესრულდება. "ჩვენი საერთო სურვილი ნათელია - შევინარჩუნოთ სანქციები მანამ, ვიდრე მინსკის შეთანხმება სრულად არ განხორციელდება" , - განაცხადა სამიტის დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა.

სანქციები მოქმედებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკური პირებისა და წამყვანი ორგანიზაციების წინააღმდეგ და ის სავიზო და ფინანსურ შეზღუდვებს მოიცავს. აღნიშნული სანქციები ევროკავშირმა გასული წლის ივლისში ერთი წლის ვადით დააწესა. თუმცა, გუშინდელი გადაწყვეტილების შედეგად ის წლის ბოლომდე შენარჩუნდება.