„პრაქტიკულად კრიპტოსამოთხე ვართ და თითოეული ჩვენთაგანი ვიხდით მათ ტარიფს, სუბსიდირებით“

„ენგურჰესის“ ჰიდროელექტროსადგურში წყლის დონე საპროექტო მინიმუმს ჩამოსცდა და ზამთრის მარაგი უკვე მთლიანად ამოწურულია. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივა “ წარმომადგენელმა დავით ჭიპაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდაა. ეს კი, თავის მხრივ უკავშირდება იმას, რომ იქ არა თუ მოსახლეობა მოიხმარს ენერგიას, არამედ, კრიპტოწარმოებამ არანორმალურ მასშტაბებს მიაღწია. და, მეტიც, თითქმის, გადააჭარბა მთელი თბილისის მოხმარებას.

„ბოლო წლებში, ეს იყო ტენდენცია, რადგან აფხაზეთში გადასახადს არავინ იხდის.

აქ ერთი საკითხი, რომელიც ამ ყველაფერს წითელ ხაზად გასდევს (აი, რა გვეშველება ზამთარში „ენგურჰესის“ გამო), არის ის, რომ ზამთრის განმავლობაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რეალურად „ენგურჰესიდან“ არც მოდიოდა დენი, ბოლო წლების განმავლობაში. დენი მთლიანად არა მხოლოდ ენგურიდან მიდიოდა აფხაზეთში (100%-ვე), არამედ, არც ეს იყო საკმარისი და რუსეთიდან დამატებით შემოდიოდა ენერგია, რომ მიეწოდებინათ აფხაზეთისთვის. ანუ პრაქტიკულად, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ აფხაზეთი არის შავი ხვრელი, რომელიც ამ ენერგიებს იღებდა და არც იყო საკმარისი.

სხვათაშორის, ეს მარტო აფხაზეთის თემა არ არის, რომ იქ არის მხოლოდ ასეთ უკონტროლო ვითარება, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის წარმოებასაც ეხება. თუნდაც იგივე, თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში განლაგებული დიდი ქარხნები, როგორიც არის მაგალითად, Bitfury, ელექტროენერგიაზე იხდის უფრო დაბალ ტარიფს, ვიდრე მე, თქვენ, ან ნებისმიერი წარმოება. აქედან გამომდინარე, ეს არის საკითხი, რომელიც, უკვე წლებია ვამბობთ, რომ უნდა დარეგულირდეს.

აქ არ არის საუბარი, რომ ავკრძალოთ კრიპტოვალუტის წარმოება, აქ საუბარია დარეგულირებაზე.

თუ ვამბობთ იმას, რომ ისიც იგივე წარმოებაა, როგორიც სხვა ნებისმიერი წარმოება, კეთილი უნდა ინებონ და მათაც იგივე ტარიფი გადაიხადონ, როგორც სხვა წარმოებამ. იმიტომ, რომ ისინი რეალურად არ მონაწილეობენ არც მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაში, არც მაინცდამაინც ხალხს ასაქმებენ, ეს არის ვიღაცის ჯიბეებში გარანტირებული ფული, რომლიც არც ბაზარზე მიდი და არც სხვაგან“,- განაცხადა დავით ჭიპაშვილმა.

მისი თქმით, თუ ოფიციალურ მონაცემებში ჩავიხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში მაგალითად, თბილისში ელექტროენერგიის მოხმარება დიდად არ იცვლება. თუმცა, თუ მონაცემებს პირდაპირ მომხმარებლებამდე ჩავშლით, ვნახავთ, რომ მათ შორის იგივე Bitfury არის რიგით მეორე მსხვილი მომხმარებელი.

„ის უკვე წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, მეორე მომხმარებელი იყო პირდაპირ მომხმარებლებს შორის და მოიხმარდა რუსთავის ფოლადზე და აზოტზე (ერთად აღებულზე) მეტ ელექტროენერგიას. და, ამას აკეთებდა იმაზე დაბალ ფასად, რა ფასსაც ვიხდით თითოეული ჩვენთაგანი.

აქ კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი, სხვა წარმოებებისგან განსხვავებით, კრიპტივალუტას სჭირდება 24/7-ზე ენერგია, ანუ, ის არ ჩერდება, მუდმივად მუშობს და ეს კიდევ ერთხელ, უფრო მეტ პრობლემებს ქმნის. იმიტომ, რომ ჩვენი გენერაციის 78% მოდის ჰიდროელექტროსადგურებზე. მათ არ შესწევთ უნარი, რომ 24 საათის განმავლობაში იმუშაონ მთელი წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ასეთი ტიპის დაწოლა, რომ მუდმივი დენი სჭირდებათ მათ, კიდევ უფრო სერიოზული დაწოლაა ენერგეტიკისთვის და ამას დამატებითი ჰიდროელექტროსადგურები კი ვერ გადაწყვეტს, ამას რეალურად სჭირდება სექტორის დარეგულირება.

ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოხმარების 30%-მდე, ანუ მესამედი, კრიპტომაინინგზე მოდის. აქ არანაირ ეკონომიკურ ზრდაზე არ არის საუბარი. კრიპტომაინინგზე მოდის მთლიანი მოხმარების 20-დან 30%-მდე. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ რეალურად დეტალური ინფორმაცია, თუ რამდენს მოიხმარს კრიპტო არ ვიცით და ვეყრდნობით ამ დიდი კრიპტომაინერების მონაცემებს. სინამდვილეში, კიდევ უამრავი მიკრო მაინერია და ასევე, დიდი მაინერები სვანეთში, ეს აბსოლუტურად უკონტროლოდ ხდება და არ შეიძლება დაბრალდეს მოსახლეობას, როგორც ეს ბოლო წლებში იყო.

სვანეთში რომ მიდიხართ, ნახავთ და უამრავი ფოტო ვრცელდება, პრაქტიკულად ქვესადგურებია აშენებული მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე. იქ ვერანაირი გლეხი მსგავს ინფრასტრუქტურას ვერ ააშენებდა, თუნდაც „ენერგო პროს“ გარეშე. ამიტომ, ეს ძალიან სერიოზულად დასარეგულირებელი საკითხია.

და, როდესაც დარეგულირებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ იმას, რომ უნდა მოხდეს აღრიცხვა და მინიმუმ იგივე ტარიფის გადახდა უნდა დაევალოს მაინერებს, როგორსაც სხვა ნებისმიერი წარმოება იხდის. სხვა შემთხვევაში, ამის მოგვარება შეუძლებელია, პრაქტიკულად, კრიპტოსამოთხე ვართ და თითოეული ჩვენთაგანი ვიხდით მათ ტარიფს სუბსიდირებით“,- განაცხადა დავით ჭიპაშვილმა.

ნინი ქეთელაური