ჩინეთში „ლოქდაუნის“ წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო

ჩინეთის სინძიანის რეგიონში, ქალაქ ურუმჩიში კორონავირუსის გავრცელების გამო გამოცხადებული „ლოქდაუნის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო. პროტესტი მაღალსართულიან შენობაში გაჩენილ ხანძარს მოჰყვა, რომელსაც 10 ადამიანი ემსხვერპლა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ მოქალაქეებმა შენობის დროულად დატოვება იმის გამო ვერ შეძლეს, რომ ის ნაწილობრივ ჩაკეტილი იყო, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება ბრალდებას უარყოფს.

ვრცელდება კადრები საპროტესტო აქციიდან, სადაც ისმის, რომ მოქალაქეები სკანდირებენ: „დაასრულეთ ლოქდაუნი!“ დემონსტრანტების ნაწილი კი ჩინეთის ეროვნულ ჰიმნს მღერის, რომლის ერთი ფრაზა შემდეგნაირად ითარგმნება : "აღსდექით, ვინც უარს ამბობთ მონობაზე!"

ჩინეთმა სინძიანის რეგიონში ხანგრძლივი „ლოქდაუნი“ გამოაცხადა. 4-მილიონიანი ქალაქის, ურუმჩის მოსახლეობის დიდ ნაწილს საცხოვრებელი ადგილის დატოვება 100 დღით აუკრძალეს. აღსანიშნავია, რომ სინძიანში 10 მილიონი უიღური ცხოვრობს. უფლებადამცველი ჯგუფები და დასავლეთის მთავრობები დიდი ხანია ადანაშაულებენ პეკინს მუსლიმი უიღურების წინააღმდეგ ძალადობაში, მათ შორის სპეციალურ ბანაკებში იძულებით შრომაში ჩართვაში. ჩინეთი ასეთ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.