აშშ-მა სანქციები შეამსუბუქა - Chevron ვენესუელურ ნავთობს გაყიდის

აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ორი გენერალური ლიცენზიის გაცემით ვენესუელას სანქციები შეუმსუბუქა. ამის შესახებ სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არის ნათქვამი.

გენერალური ლიცენზია №41 ამერიკულ ენერგეტიკულ კორპორაცია Chevron-სა და მის შვილობილ კომპანიებს ვენესუელაში საქმიანობის ნაწილორივი განახლების საშუალებას აძლევს. ნებადართულია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოება, რომელსაც Chevron ვენესუელაში ერთობლივ საწარმოში ახორციელებს, ასევე, მისი ტექნიკური მომსახურება და შეკეთება. ამასთან, ვენესუელური ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეერთებულ შტატებში გაყიდვა, ექსპორტი და იმპორტი იმ პირობით არის შესაძლებელი, თუ ის Chevron-ისა და მისი შვილობილი კომპანიების მიერ არის ნაწარმოები და, პირველ რიგში, Chevron-ის მიერ არის გაყიდული. აშშ-ის ხაზინამ, ასევე, დაუშვა ვენესუელაში შესყიდვა და იმპორტი Chevron-ის საქმიანობასთან დაკავშირებული მთელი რიგი საქონლისთვის, როგორიც არის გამხსნელები, კონდენსატები, ნავთობი ან ბუნებრივი აირის გადამუშავების პროდუქტები.

ლიცენზია კვლავ კრძალავს გადასახადების ან როიალტის (წიაღისეულით სარგებლობის უფლების შესაძენი საზღაურის) გადახდას ვენესუელის მთავრობისთვის, ასევე, დივიდენდების გადახდას ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-სთვის ან ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მის საკუთრებაში 50%-იან ან მეტ წილს ფლობენ. ამასთან, შეერთებული შტატების გარდა, სხვა ქვეყანაში ვენესუელის ნავთობპროდუქტების გაყდივა კვლავ იკრძალება. ასევე, აკრძალულია ბიზნესის წარმოება ვენესუელაში მდებარე ორგანიზაციებთან, რომლებსაც ფლობენ ან აკონტროლებენ რუსული კომპანიები.

ლიცენზია №41 ექვსი თვის განმავლობაში იქნება ძალაში.

მეორე ლიცენზია №8K ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-სთან რამდენიმე ტრანზაქციის ნებართვას აძლევს ოთხი კომპანიას, როგორიც არის Halliburton, Schlumberger Limited, Baker Hughes Holdings და Weatherford International. ტრანზაქციები 2023 წლის 26 მაისამდე არის დაშვებული და მათი მიზანი უნდა იყოს ვენესუელაში ძირითადი ოპერაციების „შეზღუდული შენარჩუნება“ ან მათი შეწყვეტა.

აშშ-ის ხაზინა იქვე აცხადებს, რომ ლიცენზიები გასცა ვენესუელის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების წინ, რომელიც მექსიკაში უნდა გაიმართოს. მათ უკვე მიაღწიეს ჰუმანიტარულ შეთანხმებას განათლების, ჯანდაცვისა და სურსათის უსაფრთხოების შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიცენზიები ასახავს აშშ-ის სანქციების შემსუბუქების პოლიტიკას კონკრეტული ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც „ამსუბუქებს ვენესუელელი ხალხის ტანჯვას და მხარს უჭერს დემოკრატიის აღდგენას.“

ამასთან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი გაფრთხილებას იძლევა, რომ ლიცენზიები შესაძლოა, გაუქმდეს, თუ პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო ოპოზიციასთან დაგეგმილ მოლაპარაკებებს „კეთილსინდისიერად არ წარმართავს ან ვალდებულებებს არ შეასრულებს.“

შეერთებულმა შტატებმა ვენესუელისა და PDVSA-ს წინააღმდეგ მკაცრი სანქციები 2019 წელს დააწესა და მადურო არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. 2022 წლის ივნისში Reuters წერდა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბოლო ორ წელიწადში პირველად დაუშვა ევროპაში ვენესუელური ნავთობის მიწოდება, რომ რუსეთიდან ნედლეულის იმპორტი ჩაენაცვლებინა. სააგენტოს შეფასებით, შეერთებული შტატები ფასების დაეცემის მიზნით მსოფლიო ბაზარზე ნავთობმიწოდების გაზრდას ცდილობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ