საქსტატი: 2014 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4,8 %-ით განისაზღვრა

საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, 2014 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4,8%-ით განისაზღვრა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, 2014 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 29 187,0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 8,7 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წელთან შედარებით 4,8%-ით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 3,8%-ით. "მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში უდიდესი წილი უკავია ვაჭრობის (17,4 პროცენტი) და მრეწველობის (17,1 პროცენტი) სექტორებს. შემდეგ პოზიციებს იკავებენ - ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (9,9 პროცენტი), სოფლის მეურნეობა (9,2 პროცენტი), მშენებლობა (7,3 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომსახურების გაწევა (6,0 პროცენტი)", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში - მშენებლობა (13,5 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (10,0 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (8,5 პროცენტი), კავშირგაბმულობა (7,1 პროცენტი), ტრანსპორტი (6,4 პროცენტი), ვაჭრობა (6,1 პროცენტი). კლება კი აღინიშნა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილების სექტორში (2,8 პროცენტი). გარდა ამისა, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2014 წლის IV კვარტალის მონაცემებიც გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2014 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8 176,8 მლნ ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 1,8 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი 4,4 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,8 პროცენტი) და მრეწველობა (16,6 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს - სახელმწიფო მმართველობა (11,7 პროცენტი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,5 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (8,2 პროცენტი), მშენებლობა (8,0 პროცენტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში - ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (13,7 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (11,4 პროცენტი), კავშირგაბმულობა (10,0 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (8,7 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (6,5 პროცენტი), განათლება (3,9 პროცენტი), მშენებლობა (3,1 პროცენტი). კლება კი დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში (-6,9 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში (-6,0 პროცენტი) და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში (-3,7 პროცენტი).