თურქი მარეგულირებლები იტალიურ Ferrero-ს უჩივიან

თურქეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა Ferrero-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი კომპანიის მიერ ბაზრის მონოპოლიზაციის ბრალდებით შეიტანა. ინფორმაციას EastFruit ავრცელებს.

პორტალის ცნობით, Ferrero თურქული თხილის მთავარი შემსყიდველი და შესაბამისად, ქვეყნის თხილის მწარმოებლებისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა. თუმცა ბოლო დროს მიმწოდებლები ფასებით მეტად უკმაყოფილო იყვნენ. კომპანიას ბრალად ედება, რომ თურქულ თხილს მეტად დაბალ ფასად ყიდულობს, მაშინ, როცა საკუთარ პროდუქტს გაცილებით ძვირად ყიდის.

სასამართლო პროცესმა თხილის ფასზე იმოქმედა. კერძოდ, თურქული წყაროები იუწყებიან, რომ თავისუფალ ბაზარზე მოსავლის 50%-ზე ფასებმა ოდნავ მოიმატა და კგ-ზე 43-44 ლირადან 45-46 ლირამდე (2.30-2.36-დან 2.41-2.47 დოლარამდე) გაიზარდა.

ამასთან, თურქეთის მარცვლეულის საბჭო (TMO) ფერმერებს თხილის შესაძენად უკეთეს ფასებს სთავაზობს. TMO-ს შესყიდვის ფასები ხარისხის მიხედვით კგ-ზე 46 ლირადან 53 ლირამდე (2.47-დან 2.84 დოლარამდე) მერყეობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ