ავსტრიაში ენერგოკრიზისის შემთხვევაში სუპერმარკეტები სურსათს უფასოდ დაარიგებენ

ავსტრიაში ზამთარის სეზონზე ელექტროენერგიის გათიშვის, ანუ ბლეკაუტის შემთხვევაში მოსახლეობას სუპერმარკეტებიდან პროდუქტებს უფასოდ დაურიგებენ. ამის შესახებ სუპერმარკეტებიდან პროდუქციის ექსტრემალური განაწილების გეგმაში წერია, რომელიც ქვეყნის სოფლის მეურნეობის, რეგიონებისა და ტურიზმის სამინისტრომ, ენერგეტიკის დეპარტამენტთან ერთად, მოამზადა.

„წარმოდგენილი გეგმა ელექტროენერგიის შესაძლო გათიშვის შემთხვევაში გვიჩვენებს, რომ საკვები პროდუქტებით ვაჭრობის სექტორი კრიტიკული ინფრასტრუქტურის სისტემის ნაწილი გახდა და მზად არის კრიზისისთვის,“ - აცხადებს სურსათის საცალო მოვაჭრეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, კრისტოფ ტამანდლი.

გეგმის მიხედვით, სასურსათო მაღაზიები ბლეკაუტის პირველ დღეს უსაფრთხოების ზომების აუცილებლობის გამო დაიხურება. მეორე დღეს, ადგილობრივი დროით 10:00-დან 15:00 საათამდე, სუპერმარკეტებთან პროდუქციის უფასო დარიგება დაიწყება, რა დროსაც მოქალაქეებს პროდუქტების შერჩევის საშუალება არ ექნებათ. თუმცა ზოგიერთი პროდუქტის შეძენა თანხითაც იქნება შესაძლებელი. მესამე დღეს ავსტრიელები სუპერმარკეტებში მხოლოდ მშრალი, გრძელვადიანი საკვები პროდუქტების მიღებას შეძლებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ