პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი სოხუმის აეროპორტის მთავარ ინვესტორი იქნება?! - დე ფაქტო მთავრობა ფრენების დაწყებას 2024 წლიდან აანონსებს

აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება. ამის შესახებ დე ფქტო ტურიზმის მინისტრმა, თეიმურაზ ხიშბამ მოსკოვში, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე ვლადისლავ დავანკოვთან შეხვედრის დროს განაცხადა, რასაც „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

მისი თქმით, სოხუმის აეროპორტის ინვესტორი უკვე არსებობს. აგვისტოში ონლაინჟურნალი, SOVA წერდა, რომ ეს ინვესტორი პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას კუთვნილი კომპანიების ჯგუფი, „საბაზისო ელემენტია.“ იმავე თვეში სოხუმის აეროპორტის ასაფრენი ბილიკის ტესტირების დასრულება სწორედ „ბაზისური ელემენტის" მმართველმა დირექტორმა, ალექსეი ვასილჩენკომ გამოაცხადა. ის ამბობს, რომ პროექტის პირველი ეტაპი 2,4 კმ ასაფრენი ბილიკისა და ტერმინალის შენობის შეკეთებას მოიცავს, რის შემდეგაც 10 000 კვ.მ. ფართობის კომპლექსი საათში 435 კაცს გაატარებს და წელიწადში 1,5 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება. რაც შეეხება მეორე ეტაპს, ალექსეი ვასილჩენკო ამბობს, რომ ძველის ადგილზე ორსართულიანი ტერმინალი აშენდება და მგზავრთა ნაკადი წელიწადში 2,5 მილიონ ადამიანამდე გაიზრდება. აეროპორტის 2024 წლის დასაწყისში გაშვება პირველად სწორედ ალექსეი ვასილჩენკომ დააანონსა.

„საბაზისო ელემენტი“ შპს Basic Element-ის კუთვნილი კომპანიაა, რომელიც რეგისტრირებულია ჯერსიში. თავის მხრივ, შპს Basic Element-ის 100%-იანი წილი კომპანია A-Finance-ს ეკუთვნის, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონაში არის რეგისტირირებული. მისი ბენეფიციარი სანქცირებული რუსი ბიზნესმენი, ოლეგ დერიპასკაა.

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა და დერიპასკას კომპანია აეროპორტის რეკონსტრუქციის ეტაპებსა და ობიექტების საკუთრებაზე ვერ თანხმდებიან. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ერთ-ერთ თათბირზე განაცხადა. ბჟანია ამბობს, რომ „საკუთრების საკითხში აფხაზური მხარის პოზიცია პრინციპული და კატეგორიული უნდა იყოს და ასაფრენი ბილიკისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურა აფხაზეთის საკუთრებაში უნდა დარჩეს.“

დე ფაქტო ხელისუფლების პოზიცია „პრინციპული“ მას შემდეგ გახდა, რაც მიმდინარე წლის აგვისტოში აფხაზური სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტო, რომელიც ე.წ. ეკონომიკის მინისტრის, კრისტინა ოზგანისა და მისი რუსი კოლეგის მიერ აეროპორტის ინფრასტრუქტურის დათვალიერების დროს ტელეოპერატორის ობიექტივში შემთხვევით მოხვდა. ფოტო რუსული მხარის მიერ შეთავაზებულ გეგმას და იმ ობიექტებს ასახავდა, რომელებიც „რუსეთის ფედერაციის კუთვნილებაში გადადიოდა.“ მათ შორის იყო ასაფრენი ბილიკი, სადისპეტჩერო და საკონტროლო-გამშვები პუნქტები, ასევე, აეროსადგურის კომპლექსის შენობები, წინამდებარე მოედანი და გასამართი სადგური. გარიგების თანახმად, აფხაზეთის საკუთრებაში მხოლოდ ელექტროენერგიის ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი და მისასვლელი გზა რჩება.

ამასთან, 2019 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმის საჰაერო სივრცე როსტოვის საჰაერო ზონის ნაწილი გახდა, ხოლო აეროპორტს საერთაშორისო კოდი, URAS მიენიჭა, რითაც რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO-ს ნორმა დაარღვია.

ICAO სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, რადგან ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ICAO-ს განცხადებით, „აფხაზეთის თავზე ცის გახსნა ოფიციალური თბილისის ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს არღვევს.“ ICAO-მ სოხუმის აეროპორტის კოდი გააუქმა და 2006 წლიდან თავისი დოკუმენტაციიდან მის შესახებ ინფორმაცია ამოიღო.

სახელმწიფო სათათბიროში გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ აეროპორტისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სოხუმში დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი ჩავა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ