„ქართული თხილის საექსპორტო ფასი დაახლოებით 20%-ით შემცირდა“ - როგორია მოთხოვნა უცხოეთში

თხილის ექსპორტი დაახლოებით, 50%-ით შემცირდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ ჭითინავამ განუცხადა.

ამასთან, მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით, ზოგადად თხილის მოსავალი 30%-ით, საექსპორტო ფასი კი, დაახლოებით 20%-ით შემცირდა.

„ჩვენი მოსავალი 30%-ით ნაკლებია, ვიდრე შარშან. იმის გამო, რომ ხარისხიც დაბალი იყო წვიმების გამო, ექსპორტი 50%-ით არის შემცირებული, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი პროდუქციის ხარისხსა და ოდენობაზე არ არის დამოკიდებული. მთავარი ფაქტორი ევროპის ბაზარზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირებაა. რაც ასევე აისახა აზერბაიჯანის და თურქეთის ექსპორტის შემცირებაზეც. გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 20%-ით არის შემცირებული ქართული თხილის საექსპორტო ფასიც", - განუცხადა ჭითანავამ ,,ბიზნესპრესნიუსს".

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წელს ცუდი მოსავალი იყო, ქართულ თხილს მსოფლიოს პრემიუმ ბრენდები წარმოებაში ისევ იყენებენ..

„ფერერომ" წელსაც იყიდა საქართველოდან საკმაოდ სოლიდური ოდენობით თხილი. ეს არის ინდიკატორი, რომ წელს მიუხედავად უხარისხო მოსავლისა, იყო პრემიუმ ხარისხიც. აღსანიშნავია, რომ ,,ფერერო" ყოველწლიურად აფართოებს შესყიდვის პორტფელს საქართველოში. წელს, ბევრად მეტი იყიდეს, ვიდრე შარშან. დაახლოებით 3 000 ტონა გაუტეხავი თხილი იყიდეს. ამ ხარისხის თხილის ხვედრითი წილი იზრდება ქართულ ბაზარზე და ეს კარგია საფასო პოლიტიკისა და ზოგადი გარემოსთვის.

საკმაოდ დიდი ჩამონათვალია ევროპული დიდი კომპანიების, რომლებიც ქართული თხილით აწარმოებენ პროდუქციას. ბევრი არხებით ხდება ქართული თხილის ექსპორტი ევროპაში", - ამბობს ჭითანავა.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან 90 მლნ აშშ დოლარის თხილი და სხვა კაკალი გაიყიდა. მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 75.3 მლნ აშშ დოლარის. მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად შემცირებულია საექსპორტო ფასი, მხოლოდ 928 კგ-ით შემცირდა მოცულობა. 18 500 ტონიდან, 17 577 ტონამდე.

თამარ მუკბანიანი