რუსეთში ქართული ენის შესწავლაზე მოთხოვნა 198%-ით გაიზარდა - როგორია მოთხოვნა რეპეტიტორებზე

წელს რუსები უცხო ენების შესწავლის დროს ყველაზე დიდ ინტერესს ებრაული, ქართული, სერბული, ჩინური, თურქული და სომხური ენების მიმართ ავლენენ. ამის შესახებ სპეციალისტთა მოძიების ონლაინსერვის „პროფის“ კვლევის მონაცემებში წერია, რასაც ენის შესწავლის სკოლებისა და კურსების წარმომადგენლებიც ადასტურებენ. ინფორმაციას „РБК“ ავრცელებს

ამ ენების შესწავლაზე მოთხოვნა პიკს მარტსა და ოქტომბერში აღწევს. კერძოდ, ანალიტიკოსებმა მიმდინარე წლის მარტიდან აპრილამდე პერიოდი წინა ზამთრის ორ თვეს, იანვარსა და თებერვალს შეადარეს.

გაზაფხულზე საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა შემდეგი ენების შესწავლაზე:

  • ებრაული (+206%)
  • ქართული (+198%)
  • სერბული (+184%)
  • ჩინური (+109%)
  • ბულგარული (+70%)
  • თურქული (+55%)
  • სომხური (+29%)

ამასთან, ონლაინსერვისმა მიმდინარე წლის ოქტომბერს აგვისტოს თვე შეადარა, რა დროსაც მასწავლებლების მომსახურებაზე მოთხოვნა ყველაზე მეტად შემდეგ ენებში გაიზარდა:

  • სერბული (221%)
  • თურქული (69%)
  • ებრაული (68%)
  • სომხური (60%)
  • ქართული (51%)
  • ბულგარული (50%)
  • ჩინური (15%)

წლიური თვალსაზრისით, ანუ 2021-ისა და 2022 წლების შედარების დროს რეპეტიტორებზე მოთხოვნა ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ ენებში:

  • სერბული (+ 278%)
  • ქართული (+ 188%)
  • ებრაული (+ 164%)
  • თურქული (+108%)
  • ჩინური (+79%)
  • ბულგარული (+77%)
  • სომხური (+59%)

უცხო ენების სწავლების საერთაშორისო ონლაინსკოლა Language Life-ის ხელმძღვანელმა, იულია ამლინსკაიამ „РБК“-ს განუცხადა, რომ მოთხოვნის პიკი უკრაინის ომის დაწყების პერიოდში, ანუ მარტში, ასევე, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების დროს, ანუ ოქტომბერში შეინიშნებოდა. ამ ორი მოვლენის პერიოდის ერთმანეთთან შედარების დროს გამოვლინდა, რომ 24 თებერვლის, ანუ ომის დაწყების შემდეგ არსებულ ვითარებასთან შედარებით, უცხო ენების შესწავლაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა 21 სექტემბრის შემდეგ, ანუ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების პერიოდში. Language Life-ის მონაცემებით, ყველაზე მოთხოვნადი იყო სერბული, თურქული, ებრაული, ლატვიური, ლიეტუვური და ესტონური, რომლებიც წამყვან პოზიციას იკავებდნენ, ასევე, ბულგარული, ქართული, სომხური და ყირგიზული ენები. იულია ამლინსკაია ამბობს, რომ ყაზახურ ენაზე ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა, რაც, მისი ვარაუდით, განაპირობა იმან, რომ ყაზახეთის მოსახლეობა რუსულად კარგად საუბრობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ