ირაკლი კობახიძე ექსპორტის შესახებ ჩეხეთის ელჩის განცხადებაზე - თუ ჩეხეთის ელჩმა ასეთი რამ თქვა, დიპლომატიური რეაგირება გვექნება

თუ ჩეხეთის ელჩმა ასეთი რამ თქვა, დიპლომატიური რეაგირება გვექნება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჩეხეთის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“ და დარწმუნებულია, რომ სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რუსეთის ფედერაციაში.

როგორც კობახიძე აცხადებს, მსგავსი განცხადებები ჰქონდათ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებსაც, რაზეც მათ რეაგირება მოახდინეს და ასე მოიქცევიან ამ შემთხვევაშიც.

„არ ვიცი, პირველად მესმის ეს განცხადება, მაგრამ თუ ეს განცხადება გაკეთდა, მართლა წარმოუდგენელია, ასეთი განცხადებები თავის დროზე გვაქვს მოსმენილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და მერე თვითონ მოუწიათ ამის უარყოფა და ყველამ უარყო აბსოლუტურად ასეთი რამ, თუ ასეთი განცხადება გაკეთდა, ამას სჭირდება რეაგირება, რადგან თავის დროზე ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადებებზე და მათ მოუწიათ ამის უკან წაღება, ამ შემთხვევაშიც ასეთი რეაქცია გვექნება, თუ ეს განცხადება გაკეთდა“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რა რეაგირება ექნებათ, კობახიძე ამბობს, რომ დიპლომატიური.

„დიპლომატიური რა თქმა უნდა, მეტი რა უნდა გავაკეთოთ, დიპლომატიური რეაგირება ელჩის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა აცხადებს, რომ 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“ და დარწმუნებულია, რომ სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რუსეთის ფედერაციაში.

„მაგალითად, ამ წლის დასაწყისიდან, ჩეხური პროდუქტების საქართველოში ექსპორტი გაიზარდა 80%-ით, გასულ წელთან შედარებით. თითქმის გაორმაგდა. გასულ წელს, იმის მიუხედავად, რომ პანდემიის გავლენა იყო, უკვე რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა. ასე რომ, საკმაოდ დარწმუნებული ვართ, ამ ზრდის ნაწილი რუსეთში მიდის“, - განაცხადა ელჩმა.