ბარსელონაში დიდი ტურისტული ჯგუფების შესვლა აიკრძალა

ძველ ბარსელონაში მომავალი წლის 1-ლი მარტიდან გიდები მხოლოდ 20-კაციანი ტურისტული ჯგუფების შეყვანას შეძლებენ. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

ახალი კანონის მიზანია, გიდებმა ქალაქის ვიწრო ქუჩებში ხალხმრავლობა და საცობი აღარ გამოიწვიონ. ამასთან, თითოეულ მოედანს რეგლამენტირებული ტევადობა განესაზღვრება. დადგინდება ტურის ჯგუფების ზღვრული რაოდენობა, რომლებიც მოედანზე ერთდროულად დაეტევიან. მაგალითად, Placa de la Barceloneta ერთდროულად მხოლოდ ერთ ჯგუფს მიიღებს.

ამასთან, გიდებს მეგაფონების გამოყენება აეკრძალათ, რაც ბარსელონაში ხმაურის დაბინძურებას შეამცირებს. ამ შეზღუდვების დარღვევა 1,5-დან 3 ათას ევრომდე ჯარიმას ითვალისწინებს.

გადაჭარბებული ტურისტული ნაკადი სხვა ევროპული ქალაქების პრობლემაცაა. „ევროპულსი“ ახლახან წერდა, რომ 2023 წლის იანვრიდან ვენეცია ​​იქნება პირველი ქალაქი მსოფლიოში, რომელიც ვიზიტორებს გადასახადს დააკისრებს. მანამდე ვენეციის ცენტრში საკრუიზო გემების შეცურვა აიკრძალა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ