დღეიდან რუსული ნავთობის ემბარგო და ზღვით იმპორტის აკრძალვა ძალაში შევიდა

ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც რუსული ნავთობის ემბარგოს ითვალისწინებს, ძალაში დღეიდან შედის. გარდა ამისა, აკრძალულია რუსული ნავთობის ზღვით იმპორტისთვის მომსახურების გაწევა, ასევე მისი დაზღვევა, ბროკერული მომსახურება და ფინანსური ოპერაციები. გამონაკლისია, თუ საწვავი იმაზე ნაკლებად იქნა გაყიდული, ვიდრე ფასის ჭერით არის განსაზღვრული.

ანალოგიურ აკრძალვას რუსეთის მიმართ დღეიდან აამოქმედებენ დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები.

ნედლეულის იმპორტთან დაკავშირებით 5 დეკემბრიდან ნებადართულია:

  • 1) რუსული ნავთობის იმპორტირება მილსადენიდან, მანამ სანამ ევროკავშირი აკრძალავს ამ გზით იმპორტს
  • 2) მოხდეს ნავთობის შეძენა რუსეთიდან, თუ ის არ არის რუსული და მხოლოდ ტრანზიტით გადის.

ამასთან, სანქციების ფარგლებში პოლონეთი და გერმანია უარს იტყვიან რუსული ნავთობის შეძენაზე მილსადენიდანაც. რუსული ნავთობსადენიდან ნავთობს მიიღებს ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, რომლებსაც ეკრძალებათ მისი შემდგომი ტრანსპორტირება მესამე ქვეყანაში.

ამასთან, 2023 წლის 5 დეკემბრამდე ნებადართულია ნავთობისგან დამზადებული ნავთობპროდუქტების რეალიზაცია, რომლის მიწოდება მოხდა ნავთობსადენიდან ჩეხეთში, თუმცა აქაც არის შეძენის ლიმიტი, რომელიც ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელს არ უნდა აღემატებოდეს.

გარდა ამისა, აკრძალვას ექვემდებარება ის რუსული ნავთობი, რომელიც შერეული იქნება უცხოურ ნავთობთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა რუსული ნავთობის წილის დადგენა, აკრძალვას დაექვემდებარება ნავთობის სრული პარტია.

კოკა კვირკველია