საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს  ედავებიან

2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.81 მლრდ აშშ დოლარს (7.87 მლრდ ლარს), რაც 2021 წლის მშპ-ს 13%-ს შეადგენს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

„საერთაშორისო არბიტრაჟებში დავების ფარგლებში, განსაკუთრებით იმ დავების, რომლებიც მასშტაბურია დავის თანხის თვალსაზრისით და უკავშირდებიან მსხვილ პროექტებს, გათვალისწინებულია კონფიდენციალურობის ვალდებულებები მხარეებისთვის სპეციალიზებული სასამართლოების მიერ, როგორებიცაა - საინვესტიციო დავების განმხილველი საერთაშორისო ცენტრი (ICSID) ან საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო (ICC).

ძალიან ხშირად შეთანხმება მიიღწევა ისეთ თანხაზე, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია თავდაპირველ მოთხოვნასთან შედარებით. ასევე, სახელმწიფომ შესაძლოა მოამზადოს შემხვედრი სარჩელი და მოიპოვოს გამარჯვება შესაბამისი კომპენსაციით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.81 მლრდ აშშ დოლარს (7.87 მლრდ ლარს), რაც 2021 წლის მშპ-ს 13%-ს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, იმ შემთხვევაშიც თუ ასანაზღაურებელი დავის თანხის მოცულობა არის მოთხოვნილზე ბევრად ნაკლები, მსხვილი და მასშტაბური სასამართლო დავის წაგება წარმოადგენს შემთხვევას, რომელიც არ შეიძლება დარჩეს ყურადღების მიღმა,“- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს სახელმწიფოს წინააღდეგ წარმოებული დასრულებელი დავების სტატისტიკას, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, სულ დასრულებულია 4 დავა, აქედან უწყების ცნობით, 2 დავა დასრულდა სახელმწიფოს გამარჯვებით, 1 დავა - სახელმწიფოს ნაწილობრივი გამარჯვებით (თითოეულ მხარეს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა), 1 დავა კი დასრულდა მოსარჩელის გამარჯვებით.

თაია არდოტელი