რუმინეთი რუსულ გაზზე უარს იტყვის

2015 წლის აპრილიდან მოყოლებული რუმინეთის მოსახლეობის მოთხოვნა შიდა რესურსების ხარჯზე დაკმაყოფილდება

აპრილიდან რუმინეთი რუსულ გაზზე უარს იტყვის. ადგილობრივი მედიის ცნობით, პირველად რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში რუმინეთმა შეძლო უარი ეთქვა ბუნებრივი აირის იმპორტზე.

”2015 წლის აპრილიდან მოყოლებული, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, მოსახლეობის მოთხოვნა შიდა რესურსების ხარჯზე სრულად დაკმაყოფილდება”, - წერს რუმინული გამოცემა Economica.net.

რუმინეთში გაზის წლიური მოხმარება 10-11 მილიარდ კუბურმეტრს შეადგენს, საიდანაც 400 მილიონი კუბური მეტრის იმპორტი რუსეთზე მოდის.

Economica.net-ის ინფორმაციით, ამჟამად რუსეთიდან ათასი კუბურიმეტრი გაზის ღირებულება 380 დოლარია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულების თანახმად, რუმინეთმა საგაზო ბაზრის ლიბერალიზაცია 2018 წლამდე უნდა მოახდინოს.