რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი მეცხრე პაკეტი

რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების მორიგი - მეცხრე პაკეტი რუსეთის სამთომომპოვებელ სექტორში ინვესტიციების აკრძალვას შეეხება და ასევე მოიცავს სამ რუსულ ბანკს - ამის შესახებ Financial Times წყაროზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, სანქციები, რომელიც სამთომომპოვებელ სექტორს შეეხება რამდენიმე პროდუქციის გამორიცხვას ითვალისწინებს, ასევე სანქციებს დაექვემდებარება ტექნოლოგიების ექსპორტი, რომელსაც ბრიუსელის აზრით, მოსკოვი იყენებს სამხედრო მრეწველობაში. ასევე სანქციები შეეხება სამი რუსული ბანკის ოპერაციების შეზღუდვას, თუმცა კონკრეტულად რომელ ბანკებზეა საუბარი, ჯერ უცნობია. ამასთან, სასანქციო სიაში მოყვება დამატებით 180 პირი.

გამოცემის ცნობით, ამავდროულად შესაძლოა, სანქციები შეეხოს 4 რუსული არხის მაუწყებლობას ევროპის ტერიტორიაზე. ამასთან, ბრიუსელს სურს, საექსპორტო აკრძალვები შემოიღოს 2,3 მლრდ დოლარის მოცულობის ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე, ასევე აკრძალვა შეეხება რუსულ მარკეტინგულ კომპანიებს და ბაზრის მკვლევარი კომპანიების საქმიანობას.

ევროკავშირი იმედოვნებს, რომ სანქციების ახალი პაკეტს წევრ ქვეყნებთან უახლოეს დღეებში განიხილავს და კვირის ბოლომდე მას შეათანხმებს.

ამასთან, Financial Times აღნიშნავს, რომ პაკეტზე მუშაობა არ არის დასრულებული და მასში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს.

კოკა კვირკველია