Airbus 2022 წელს დაგეგმილი ავიალაინერების მიწოდების გეგმას ვერ ასრულებს

ევროპის ავიამშენებელი კონცერნი Airbus SE მიმდინარე წელს 700-ზე ნაკლები ავიალაინერის მიწოდებას შეძლებს, რაც კომპანიის დაგეგმილ მაჩვენებელზე ნაკლებია.

როგორც Airbus იტყობინება, კომპანიამ ნოემბერში დამკვეთებს 68 ავიალაინერი მიაწოდა, იანვარ-ნოემბერში კი ეს მაჩვენებელი ჯამში 565-ია.

კომპანიაში ფიქრობენ, რომ 2022 წლის მიწოდების მაჩვენებელი იქნება „უმნიშვნელოდ ნაკლები“ ნავარაუდევ 700 ლაინერზე. ზუსტ მაჩვენებელს კომპანია ამ ეტაპზე არ ასახელებს.

ჯერ კიდევ 2022 წლის დასაწყისში Airbus-ს გათვლა ჰქონდა 720 ლაინერის წარმოებაზე წლის განმავლობაში, თუმცა შემდეგ ის შეამცირა 700-მდე კომპონენტების დეფიციტის გამო, მათ შორის, ძრავების. გასულ კვირას კომპანიის თავკაცმა განაცხადა, რომ არ მოელის სიტუაციის გაუმჯობესებას 2023 წელს.

კოკა კვირკველია