გიორგი კვირიკაშვილი ლარის კურსის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას გამორიცხავს

ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლარის კურსის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას გამორიცხავს.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, რა ნიშნულზე და რამდენ ხანშია შესაძლებელი ლარის კურსის დასტაბილურება, კვირიკაშვილი ამბობს, რომ ამის თქმა ძალიან რთულია, თუმცა მინისტრი ეროვნული ვალუტის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას გამორიცხავს.

"ძალიან რთულია ამის თქმა, თუმცა ძველ ნიშნულზე ლარის კურსის დაბრუნებას გამოვრიცხავ. შესაძლოა, ზაფხულში უფრო დასტაბილურდეს ვითარება და ლარი გამყარდეს, თუმცა ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მისაღწევად რა იქნება უკეთესი - არ დავუშვათ ლარის გამყარება, იმავე დონეზე დავტოვოთ, თუ სხვა - ამას ეროვნული ბანკი გადაწყვეტს. შემოდგომის ვითარება დიდად არის დამოკიდებული ჩვენ გარშემო პოლიტიკური სიტუაციის განვითარებაზე, თუმცა მნიშვნელოვან რყევებს ნამდვილად არ ველოდებით. ჩვენ გარშემო ქვეყნებისა და მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან ჩვენი ვალუტის გამყარების შედარებითი მაჩვენებლები უნდა იძლეოდეს საფუძველს ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისთვის, ექსპორტის წახალისებისთვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.