საქართველოში მარტო მცხოვრები ყოველი მეორე ხანდაზმული საკუთარი ფინანსური მდგომარეობით უკმაყოფილოა

გამოიკვეთა, რომ მარტო მცხოვრები ყოველი მეორე ხანდაზმული, ძირითადად, საკუთარი ფინანსური მდგომარეობით უკმაყოფილოა: ძალიან უკმაყოფილო - 23.8%, სრულიად უკმაყოფილო - 27.1%, - ამის შესახებ სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევაშია აღნიშნული.

გამოკითხვაში მონაწილე ხანდაზმულთა თითქმის მეოთხედის შემთხვევაში, ძილს დღე-ღამის განმავლობაში 9-12 საათი ეთმობა.

„რესპონდენტებმა დამატებით შეაფასეს საკუთარი ფინანსური მდგომარეობა. როგორც აღმოჩნდა, კვლევაში მონაწილე ხანდაზმულები, ძირითადად, შუალედურ პოზიციას იკავებენ - 30.4% ზომიერად კმაყოფილია, ხოლო 27.9% - ზომიერად უკმაყოფილო. თუმცა იმ გამოკითხულთა წილი, ვინც საკუთარი ფინანსური მდგომარეობით ძალიან ან სრულიად უკმაყოფილოა (38.2%), კმაყოფილთა ოდენობას მკვეთრად აჭარბებს.

გამოიკვეთა, რომ მარტო მცხოვრები ყოველი მეორე რესპონდენტი, ძირითადად, საკუთარი ფინანსური მდგომარეობით უკმაყოფილოა: ძალიან უკმაყოფილო - 23.8%, სრულიად უკმაყოფილო - 27.1%. მართალია, ზოგადი უკმაყოფილება ჯგუფებს შორის შენარჩუნებულია, ის ხანდაზმულები, რომლებიც 5 ან მეტწევრიან ოჯახში ცხოვრობენ, ძირითადად, საკუთარი ფინანსური მდგომარეობით ზომიერად კმაყოფილნი არიან (39.1%)“, - ნათქვამია კვლევაში.

ამავე კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა (61.8%) 24 საათის განმავლობაში 6-8 საათს უთმობს ძილს (ხანმოკლე ჩაძინებების ჩათვლით), მათგან 27.9%-ს 8 საათი სძინავს, ხოლო 19.8%-ს - 7 საათი.

„გამოკითხვაში მონაწილე ხანდაზმულთა თითქმის მეოთხედის შემთხვევაში ძილს დღე-ღამის განმავლობაში 9-12 საათი ეთმობა.

გამოკითხვამ ცხადყო, რომ კვლევაში მონაწილე ხანდაზმულებს ბოლო ორი წლის განმავლობაში უფრო ხშირად სერიოზული დაავადება (ან მიღებული დაზიანება) (33.3%), ფინანსური სირთულეები (36%) და ახლო ნათესავის ან მეგობრის გარდაცვალება (26.1%) გამოუცდიათ. დასახელებული პასუხების საშუალოდ მესამედი სწორედ ამ საკითხებს შეეხება”, - აღნიშნულია კვლევაში.

კვლევაში მონაწილე ყოველი მეორე კაცი რესპონდენტი (50.2%) საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს როგორც დამაკმაყოფილებელს (ქალი - 43.6%). ქალი ხანდაზმულების დიდი ნაწილის (47.4%) ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ფასდება, როგორც ცუდი.

„65-70 წლის (53.6%) და 71-75 წლის (44.5%) ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ ხანდაზმულთა დიდი ნაწილი საკუთარ ჯანმრთელობას დამაკმაყოფილებლად აფასებს. თუმცა, ასაკის ზრდასთან ერთად, მზარდია იმ რესპონდენტთა წილი, რომელთა შეფასებითაც, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცუდია: 76-80 წლის - 52.5%, 81-85 წლის - 53.1%.

გამოკითხვისას რესპონდენტებს ინტერვიუერმა გააცნო სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, როგორებიცაა: სიმსივნე, დიაბეტი, ჰიპერტენზია, სმენის დაქვეითება, გადაადგილების შეზღუდვა (ქრონიკული ფიზიკური მდგომარეობა), ართრიტი, კარდიოვასკულარული პრობლემები, დემენცია ან მახსოვრობის პრობლემები, ცუდი მხედველობა. ამ შემთხვევაში არ შეფასებულა, კონკრეტულად რა დაავადება აწუხებთ რესპონდენტებს, განისაზღვრა მხოლოდ დაავადებების რაოდენობა. ხანდაზმულ პირს შეეძლო, დასახელებული კატეგორიების გარდა, ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენის მომხდენი სხვა დაავადებებიც გაეთვალისწინებინა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა მეოთხედს არც ერთი დაავადება არ აქვს (25.5%), თითქმის ყოველ მესამეს ერთი დაავადება აწუხებს, ხოლო მეხუთედზე მეტს - 2 დაავადება (21.7%). ამასთან, მეათედს აჭარბებს მათი წილი, ვისაც 3 სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აწუხებს (12.4%). 4, 5 და 5-ზე მეტი დაავადების მქონეთა წილი ჯამურად 8%-მდეა”,-აღნიშნულია კვლევაში.

გამოკითხვაში მონაწილე ხანდაზმულთა უმრავლესობა (69.7%) ბოლო ორი წლის განმავლობაში ნერვიულობის, შფოთვის, დაძაბულობის ან დეპრესიის გამო ექიმთან ან თერაპევტთან არ ყოფილა. მსგავსი გამოცდილება 29.8%-ს აქვს.

„რესპონდენტთა დიდი ნაწილი (44.6%) საკუთარი გონებრივი ან ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სოციალურ თუ ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობის მხრივ არასდროს იზღუდება. თითქმის მეხუთედი ამ მიზეზით სირთულეებს იშვიათად აწყდება (19%), ხოლო 15% - ზოგჯერ. რესპონდენტთა მეათედზე მეტმა (12.7%) აღნიშნა, რომ გონებრივი ან ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა ხშირად ზღუდავს სოციალურ ან ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობისგან”,- აღნიშნულია კვლევაში.

ცნობისთვის, კვლევაში სულ მონაწილეობა მიიღო 65-85 ასაკის 1000-მა რესპონდენტმა. მათი მეოთხედი თბილისის მცხოვრებია, თითქმის 40% სხვა ურბანულ დასახლებაში ცხოვრობს, ხოლო 35% - სასოფლო ტიპის დასახლებაში. რესპონდენტები სქესობრივი ნიშნით თანაბრად არიან გადანაწილებულნი: ქალი - 50%, კაცი - 50%.

კვლევა ჩატარდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) ბიოლოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ბიომეცნიერებათა განყოფილების მხარდაჭერით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ.