ვალენსია უცხოელი სპეციალისტებისთვის საუკეთესო ქალაქად რჩება

ვალენსია, ლისაბონი და მადრიდი ექსპატებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქალაქების ტოპ 10-ულში მოხვდნენ. ექსპატთა საერთაშორისო საზოგადოების, InterNations Expat Insider 2022-ის რეიტინგს „ევროპულსი“ ავრცელებს.

ექსპატი (expat) ჟარგონულად უცხოელი სპეციალისტია, რომელიც მშობლიური ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს და მუშაობს.

ვალენსია ამ რეიტინგში წინა წლებშიც ლიდერობდა. ქალაქი თავისი კლიმატისა და სამედიცინო მომსახურების გამო ექსპატებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი წელსაც აღმოჩნდა. ამასთან, ექსპატებმა მაღალი შეფასება მისცეს ქალაქში არსებულ სპორტის შესაძლებლობებს, ასევე, საცხოვრებლის ხელმისაწვდომ ფასებსა და ადგილობრივების კეთილგანწყობას. ერთადერთი სფერო, რომელშიც ვალენსია რეიტინგის სხვა ლიდერებს ჩამორჩება, კარიერული შესაძლებლობებია. კერძოდ, ადგილობრივ მცხოვრებთა 27% ხელფასით უკმაყოფილოა.

ლისაბონმა და მადრიდმა, რომლებიც რეიტინგში მე-4 და მე-5 ადგილებს ინაწილებენ, მაღალი შეფასება თავიანთი კლიმატისა და ადგილობრივი კულტურისთვის მიიღეს.

ექსპატებისთვის საუკეთესო ქალაქების ტოპ 10-ეული ასეთია:

  1. ვალენსია (ესპანეთი)
  2. დუბაი (არაბთა გაერთიანებული საემიროები)
  3. მეხიკო (მექსიკა)
  4. ლისაბონი (პორტუგალია)
  5. მადრიდი (ესპანეთი)
  6. ბანკოკი (ტაილანდი)
  7. ბაზელი (შვეიცარია)
  8. მელბურნი (ავსტრალია)
  9. აბუ დაბი (არაბთა გაერთიანებული საემიროები)
  10. სინგაპური

Expat Insider-ის რეიტინგს ყოველწლიურად გამოკითხვის შედეგების საფუძველზე ადგენენ. მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან რამდენიმე ათეული ათასი ექსპატი მონაწილეობს. რესპოდენტები ქალაქებს ოთხ სფეროში აფასებენ, როგორიც არის დასვენება და კლიმატი; ტრანსპორტი; უსაფრთხოება და პოლიტიკა; ჯანმრთელობა და გარემო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ