ფინეთის საბაჟომ დაპატიმრებული რუსული იახტების სანქცირებული მფლობელები გამოავლინა

ფინურმა საბაჟომ გამოძიებით დაადგინა, რომ რვა დაპატიმრებული იახტის მფლობელები რუსეთ-ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ექვემდებარებიან, რის შემდეგაც საბაჟომ იახტები პოლიციის ეროვნულ სამმართველოს გადასცა. ინფორმაციას Bloomberg საბაჟოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფინეთის საბაჟოს აღსრულების დეპარტამენტის დირექტორი, სამი რაკშიტი აცხადებს, რომ შვიდი იახტის შემთხვევაში გამოძიებამ ევროკავშირის სანქციების სიაში შეტანილ ორგანიზაციებთან შესაძლო კავშირი გამოავლინა, ხოლო კიდევ ერთი იახტის შესახებ პოლიციას საგადასახადო შემოწმების შემდეგ ეცნობა.

გაზაფხულზე ფინურმა საბაჟომ 21, ზაფხულში კი დამატებით ექვსი იახტა დააკავა, რომ მათი მფლობელი ფიზიკური და იურიდიულ პირების ევროკავშირის სანქციებთან კავშირი გამოეძიებია. სამი რაკშიტის თქმით, იახტები საგადასახადო თავშესაფრებში მესაკუთრეთა ჩახლართულ რგოლებზე არის გაფორმებული. ზოგიერთ შემთხვევაში საბოლოო მფლობელის დადგენა შეუძლებელიც გახდა.

საბაჟო ოფიცერი აცხადებს, რომ სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიების გამოვლენას მათ მფლობელობაზე დადებული რთული შეთანხმებები აფერხებდა, რის გამოც გამოძიებას დიდი დრო დასჭირდა.

რუსი მილიარდერების იახტები ევროპისა და მსოფლიო მთავრობების ყურადღების ქვეშ რუსული აქტივების „გაყინვის“ სანქციების დროს მოექცა. Bloomberg რუსი მილიარდერების სუპერიახტებს „გაუმჭვირვალე და აღმაშფოთებელი სიმდიდრის სიმბოლოებს“ უწოდებს. სააგენტო წერს, რომ რუსი მილიარდერები მსოფლიოში ყველაზე დიდ იახტებს ოფშორული კომპანიების მეშვეობით ყიდულობდნენ, რომლებიც რეგისტრირებული არიან ბერმუდის ან კაიმანის კუნძულების მსგავს საგადასახადო თავშესაფრებში.

SuperYacht Times-ის ცნობით, რუსი მილიარდერების ზოგიერთი იახტა სუპერიახტების კატეგორიაში არ ჯდება. ეს 262 ფუტის, დაახლოებით, 80 მეტრ სიგრძის იახტებია, რომლებსაც მეგა ან გიგაიახტებს უწოდებენ. ამ კატეგორიით არსებული 153 გემიდან რუსები, დაახლოებით, 30 იახტას ფლობენ და ამ მხრივ უმრავლესობაში არიან. ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა იახტების კონფისკაციასა და გაყიდვას აპირებს. მართალია, ევროპის ბევრ ქვეყანაში სანქციების დარღვევა დანაშაულად ჯერ არ ითვლება, თუმცა ევროკავშირი ამ კანონმდებლობის გამკაცრებას აპირებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ