სინგაპურის ”ეკონომიკური სასწაულის მამა” გარდაიცვალა

სინგაპურის ეკონომიკური სასწაულის მამად წოდებული, ლი კუან იუ 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იგი სინგაპურის პრემიერ-მინისტრის პოსტს 1959-1990 წლებში იკავებდა და ცნობილი იყო, როგორც სინგაპურის კეთილდღეობისა და "ფინანსური სიძლიერის არქიტექტორი". "ბიბისის" ცნობით, ლი კუან იუს 29 მარტს დაკრძალავენ.

გარდაცვლილის შვილმა, სინგაპურის ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ლი სიანლუნმა სპეციალური სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა. "ის იბრძოდა ჩვენი დამოუკიდებლობისათვის, მან ააშენა ქვეყანა, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ, როგორც სინგაპურელები. ჩვენ ვეღარ შევხვდებით მსგავს ადამიანს", - განაცხადა პრემიერმა.

ლი კუან იუს გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი მას "ისტორიის ბუმბერაზი" უწოდა. ლი კუან იუ რამდენიმე კვირის განმავლობაში ფილტვების ანთების გამო საავადმყოფოში იმყოფებოდა.