"მოგების გადასახადის ზრდაზე ჩვენც ტელევიზიით გავიგეთ" - მიკროსაფინანსო ასოციაცია

მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, ნინო დევდარიანის თანახმად, მთავრობის მხრიდან სექტორთან წინასწარი კომუნიკაცია მოგების გადასახადის 15%-დან 20%-მდე ზრდის შესახებ არ ყოფილა და ამ გადაწყვეტილებაზე სხვების მსგავსად მედიით გაიგეს. ამის შესახებ ნინო დევდარიანმა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

"ეს ამბავი ჩვენც ტელევიზიით გავიგეთ, წინასწარი კომუნიკაცია ჩვენთან და ინფორმირება არ მომხდარა. ახლა ვართ გაანალიზების ეტაპზე, თუ რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს აღნიშნული ცვლილება. რამდენიმე ფაქტორია და წინასწარი შეფასება გაგვიჭირდება.

ცვლილება ეხება იმასაც, რომ უნდა იყოს ანგარიშგება გაკეთებული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და ამის შემდეგ უნდა მოხდეს დაანგარიშება. სხვა თანაბარ პირობებში, ეს გადაწყვეტილება, ცხადია, წნეხს გაზრდიდა კომპანიებისთვის, თუმცა დამატებითი ახალი სტანდარტების შემოტანა ან განაკვეთის ცვლილება, საბოლოო ჯამში, რა კონკრეტულ შედეგებს მოგვცემს, ჯერ კიდევ გაანალიზების პროცესშია. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გადასახადების ზრდა დამატებითი წნეხი იქნება ბიზნესისთვის", - ამბობს დევდარიანი.

მიკროსაფინანსო ასოციაციის თავმჯდომარის თანახმად, მათ არც იმის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ესტონური მოდელი ამ სექტორზე აღარ გავრცელდებოდა.

"ძალიან მიჭირს არგუმენტების მოძებნა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეირჩა მაინცდამაინც ეს სექტორი. ეს ცვლილება დაანონსებული იყო მხოლოდ ბანკებზე, შემდეგ კი გაირკვა, რომ ყველა საფინანსო ორგანიზაციას შეეხებოდა.

ვიცოდით, რომ ესტონური მოდელი შედარებით გვიან შემოვიდოდა ჩვენთან, ვიდრე სხვა ბიზნესებისთვის. ამის მოლოდინები იყო შექმნილი და აქედან გამომდინარე, ამ მოლოდინებით ვსარგებლობდით. ნებისმიერი გათვლა, პროგნოზი, ინვესტორებთან ურთიერთობები და ასე შემდეგ ამასთან იყო დაკავშირებული. რა თქმა უნდა, მოლოდინების არ გამართლება და ცვლილება ბიზნესებისთვის დამატებით რყევებს იწვევს და ეს არის ძირითადი მინუსი, რაც ასეთ ცვლილებებს ახლავს თან. არც აქ ყოფილა ჩვენთან წინასწარი კომუნიკაცია და წესით, ახლა დაიწყება ის პროცესი, სადაც შესაძლებლობა გვექნება ჩვენი მოსაზრებები გავაზიაროთ", - განუცხადა ნინო დევდარიანი "ბიზნესპრესნიუსს".

კახი ჩაკვეტაძე