"2023-ში ისრაელიდან ტურისტების რაოდენობა შესაძლოა 25-30%-ით გაიზარდოს" - მენი ბენიში

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, მენი ბენიშის თანახმად, მომავალ წელს ისრაელიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობის 25-30%-ით ზრდაა მოსალოდნელი. ამის შესახებ მან „ბიზნეს პალიტრას“ ეთერში ისაუბრა.

„საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც ებრაელმა ტურისტებმა დაიწყეს სიარული პანდემიის შემდეგ, ბათუმში, თბილისში თუ ა.შ. მე ვფიქრობ, რომ ამ წელიწადში 200,000 ტურისტზე მეტი ჩამოვა ისრაელიდან, რაც სერიზული შედეგია და ამ მხრივ ტოპ-10-შიც შედის უკვე საქართველო. სხვადასხვა მიმართულების ტურისტები ჩამოდიან, უყვართ კაზინოები, გემბლინგი, უყვართ ზღვა, სრიალი და ვფიქრობ, ცოტა ხანში ჩამოსვლის ხანგრძლივობაც და ტურისტების რაოდენობაც გაიზრდება. 2023-ში 25-30%-ით შეიძლება გაიზარდოს ისრაელიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა.

ჩემი სურვილია, რომ საქართველოდანაც დაიწყონ სიარული ისრაელში, ჩამოვიდნენ ისრაელის სანახავად და დაბრუნდნენ საქართველოში. სამწუხაროდ, ეს ჯერ არ ხდება და რაოდენობა ძალიან ცოტაა, რადგან სიძვირეა, ყველაფერი 4-5 ჯერ მეტი ჯდება, ვიდრე აქ. ისრაელშიც ხელს უშლიან, რადგან ყველას ჰგონია, რომ სამუშაოდ ჩამოდიან და არა ტურისტად“, - ამბობს მენი ბენიში.

კახი ჩაკვეტაძე