ოქრო კიდევ გაძვირდება, მაკრონი გადადგება, მინიმუმ ერთი ქვეყანა ხორცის წარმოებას შეწყვეტს - Saxo Bank-მა 2023 წლის „შოკისმომგვრელი პროგნოზები“ გამოაქვეყნა

დანიურმა Saxo Bank-მა 2023 წლის 10 „შოკისმომგვრელი პროგნოზი“ გამოაქვეყნა, რა მოვლენებმაც „მსოფლიო ბაზრებზე შესაძლოა, მეტად დიდი ტალღები გამოიწვიოს.“

ზუსტად ერთი წლის წინ, 2021 წლის დეკემბერის პროგნოზში ბანკი ვარაუდობდა, რომ ცივი ომის ახალი რაუნდი 2022 წელს დაიწყებოდა. ამჯერად Saxo Bank-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სამხედრო კონფლიქტი უკრაინაში მომავალ წელს „ომის ეკონომიკის მენტალიტეტს ისეთი მასშტაბით დააბრუნებს, როგორიც 1945 წლის შემდეგ ჯერ არ დაფიქსირებულა.“ მათი შეფასებით, „როცა მსოფლიოს ყველა წამყვანი ძალა ცდილობს, თავისი ეროვნული უსაფრთხოება გააძლიეროს ყველა ფრონტზე, როგორიც არის სამხედრო, მიწოდების ჯაჭვების, ენერგეტიკული და ფინანსური უსაფრთხოება, ეს ინფლაციისგან თავისუფალ დინამიკაზე დაბრუნებას შეუძლებელს გახდის.“

„შოკისმომგვრელი პროგნოზიდან“ 2023 წლის სამი მოვლენა შეეხება იმას, თუ როგორ რეაგირებს ევროპა მოვლენათა ასეთ განვითარებაზე.

1. ევროპის ერთიანი შეიარაღებული ძალების შექმნა - 2023 წელს უფრო ცხადი გახდება, რომ ევროპამ თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა მოაწესრიგოს, რათა ნაკლებად იყოს დამოკიდებული აშშ-ში მზარდ არასტაბილურ პოლიტიკურ ციკლზე. სულ უფრო იზრდება რისკი, რომ შეერთებულმა შტატებმა ევროპის თავდაცვის ვალდებულებაზე უარი თქვას. ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა დათანხმდება, 2028 წლისთვის საერთოევროპული შეიარაღებული ძალების მშენებლობა დაიწყოს, რომელიც სრულად და დამოუკიდებლად იქნება პასუხისმგებელი სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და კოსმოსური სივრცის უსაფრთხოებაზე. ევროკავშირი ამისთვის მომდევნო 20 წლის განმავლობაში 10 ტრლნ ევროს გამოყოფს.

2. გაერთიანებული სამეფო 2023 წელს ჩაატარებს რეფერენდუმს Brexit-ზე უარის თქმის შესახებ - რეცესიის, ინფლაციისა და ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივი პროტესტის ზეწოლის შედეგად ქვეყანაში შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. ახალგაზრდა (18-24 წლის ასაკის) ბრიტანელების აბსოლუტური უმრავლესობა, დაახლოებით, 80% ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის მომხრეა, მაშინ, როცა 65 წელს გადაცილებული ადამიანების ორი მესამედი ევროკავშირის დატოვებას აძლევს ხმას. ამ ფონზე მომავალი წლის მესამე კვარტალში, ვადამდელი არჩევნების შედეგად, ხელისუფლებაში შესაძლოა, ლეიბორისტული პარტია მოვიდეს, რომელიც ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის წევრობაზე ხელახალ რეფერენდუმს ჩაატარებს.

3. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მოულოდნელად გადადგება - ამას განაპირობებს, ერთის მხრივ, მემარცხენეების და, მეორე მხრივ, მარინ ლე პენის მემარჯვენეების მზარდი გავლენა. თუმცა მაკრონმა დიდი პოლიტიკა შესაძლოა, დროებით დატოვოს და წინა პლანზე ისევე დაბრუნდეს, როგორც ეს შარლ დე გოლმა 1958 წელს გააკეთა.

„ომის ეკონომიკის“ 2023 წლის ეკონომიკური გამოწვევები:

1. მრავალმილიარდიანი დოლარის პროექტი ენერგეტიკის ახალი შესაძლებლობებისთვის - მას წამყვანი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები და „ტექნოფილი მილიარდერები“ ენერგეტიკული ფასების ზრდის ფონზე შექმნიან. ენერგეტიკაზე გავლენის თვალსაზრისით, ეს პროექტი ატომური ენერგიის შესწავლისა და ატომური ბომბის შექმნის „მანჰეტენის პროექტთან“ იქნება შედარებული. მასში, დაახლოებით, ტრილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

2. ინვესტიციების გაზრდა ტრადიციულ აქტივებში, როგორიც არის ოქრო - ამ ლითონზე გაზრდილი მოთხოვნის შედეგად 2023 წელს მისი ფასი უნციაზე ამჟამინდელი 1,8 ათასი დოლარიდან 3 ათას დოლარამდე გაიზრდება. მიზეზი ისაა, რომ ინფლაციური ზეწოლა და გეოპოლიტიკური არასტაბილურობა გავლენას მოახდენს არა მხოლოდ გლობალურ ეკონომიკაზე, არამედ ფინანსურ ბაზარზეც. ამ ფონზე მთავრობები უფრო კონსერვატიულ პოლიტიკას მიმართავენ და ინვესტიციებს შედარებით რთულ ფინანსურ ინსტრუმენტებში შეამცირებენ, ხოლო ტრადიციულ აქტივებში გაზრდიან.

3. მინიმუმ ერთი ქვეყანა ხორცის წარმოების ეტაპობრივ შეწყვეტას გამოაცხადებს - კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ვალდებულება, რომელიც არა მხოლოდ ენერგეტიკას, არამედ კვების მრეწველობასაც შეეხება, 2023 წელს ყველზე მეტად ევროპაში გამოიკვეთება. 2050 წლისთვის, ნახშირბადის ნულოვანი გამონაბოლქვის მიზნების მისაღწევად, ხორცის მოხმარება ერთ ადამიანზე წელიწადში, საშუალოდ, 24 კგ-მდე უნდა შემცირდეს, რისი წლიური მოხმარებაც, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემებით, ამჟამად, დაახლოებით, 70 კგ-ს შეადგენს. ამდენად, 2023 წელს მსოფლიოში მინიმუმ ერთი ქვეყანა მაინც გადაწყვეტს, დაწინაურდეს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში და 2025 წლიდან ხორცის წარმოებაზე უფრო მაღალი გადასახადები დააწესოს, ხოლო 2030 წლისთვის შიდა წარმოება მთლიანად გააუქმოს. ამასთან, განავითაროს ბოსტნეულის ანალოგების წარმოების ტექნოლოგიები, რაც „უფრო ჰუმანურია და ნაკლებ სითბურ გამონაბოლქვს იძლევა.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ