„ფაქტობრივად, კიდევ ერთ სახელმწიფო მონსტრს ვქმნით“ - არის თუ არა ანაკლიის პროექტი რუსეთის ინტერესში

„კერძო საფუძვლებზე დაწყებული პროექტი, რომელსაც მხოლოდ დეკლარაციულ დონეზე სჭირდებოდა სახელმწიფოს მხარდაჭერა, დეგრადირდა იმაში, რომ ფაქტობრივად, კიდევ ერთ სახელმწიფო მონსტრს ვქმნით“, - ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა ანაკლიის პროექტზე საუბრისას რადიო „პალიტრისა“ და "პალიტრანიუსის" გადაცემაში „საქმე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პროექტი სახელმწიფოს თანადაფინანსებით (51%) აშენდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიგა ბედინეიშვილი ამბობს, საინტერესოა, რომ მთავრობას სწორედ ახლა მოუნდა პროექტის განხორციელება. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი, როგორც სატრანსპორტო დერეფანი, ფაქტობრივად, ჩაკეტილია, როგორც ჩანს, ახლა უკვე მის ინტერესშია, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს და საკუთარი გავლენები გაამყაროს - „რუსეთი ირჩევს უკეთესს უარესებს შორის“.

„ჩემი გადმოსახედიდან, ეს ნამდვილად არ იქნებოდა საუკეთესო მეთოდი, რითაც ეს პროექტი უნდა განხორციელდეს. არ მინდა კარი დავხურო და ვთქვა, რომ არანაირი პერსპექტივა ამას არ აქვს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რა მოხდა ამ პროექტთან დაკავშირებით, ძირითადად კერძო საფუძვლებზე დაწყებული პროექტი, რომელსაც მხოლოდ დეკლარაციულ დონეზე სჭირდებოდა სახელმწიფოს მხარდაჭერა, დეგრადირდა იმაში, რომ ფაქტობრივად, კიდევ ერთ სახელმწიფო მონსტრს ვქმნით.

ასე რომ, ეს სულ არ არის კარგი განვითარება და ოპტიმალური კონფიგურაცია პროექტის განსახორციელებლად. თუმცა, საინტერესოა, რომ სწორედ ახლა მოუნდა სახელმწიფოს პროექტის მშენებლობა.

ტვირთებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია, რუსეთი როგორც სატრანზიტო დერეფანი ფაქტობრივად, ჩაკეტილია. რუსეთში პორტი და იქიდან ექსპორტი მთელი რიგი შეზღუდვების საგანია, სანქციების და ა.შ მიზეზით. ამიტომ, რაღაც თვალსაზრისით, ჩვენი დერეფანი ძალიან მოთხოვნადია ახლა და ეს გამოიხატება გაზრდილ ტვირთებში, ჩვენი გავლით. მე იმედი მაქვს, რომ ეს ტვირთები ძირითადად ლეგიტიმურია, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავ, რომ ამ ტვირთების რაღაც ნაწილი, არის რუსეთიდან, მესამე ქვეყნების გავლით...

მე მგონია, რომ ცვლილება, მათ შორის რუსეთს მხრიდანაც არის. რუსეთის ირჩევს უკეთესს, უარესებს შორის. რა თქმა უნდა, მას ერჩივნა, რომ თვითონ არ დაეკარგა სატრანზიტო მნიშვნელობა და გაეგრძელებინა ნორმალური ვაჭრობა დასავლეთთან, მაგრამ გასაგებია, რომ ეს არანაირად არ არის თავსებადი იმ ბარბაროსობასთან, რასაც რუსეთი სჩადის უკრაინაში.

მაშინ, ამ შემთხვევაში, ჯობია, რომ ანაკლია განხორციელდეს და რუსეთს ჰქონდეს გავლენა ანაკლიაზე. ალბათ, იმედი აქვთ, რომ რაღაც გავლენა სწორედ საქართველოს მთავრობის გავლით ექნებათ.

თორემ, ახლა ისეთი მოთხოვნაა ტვირთებზე, მართლა საინტერესო შეიძლებოდა ყოფილიყო, აქ კერძო წყაროებიდან რომ ჩადებულიყო ფული“,- განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

ნინი ქეთელაური