უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების გადაცემაზე ევროკავშირის ყველა ქვეყანა შეთანხმდა

უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების გადაცემაზე ევროკავშირის ყველა ქვეყანა შეთანხმდა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებენ.

“ამა წლის განმავლობაში ევროკავშირმა, წევრმა სახელმწიფოებმა და მისმა საფინანსო დაწესებულებებმა [უკრაინას] 19 მილიარდ ევროზე მეტი გადასცეს. ჩვენ შემდეგ წელს ვუყურებთ, და ძალიან კარგი ამბები მაქვს, რადგან გუშინ საღამოს მოვახერხეთ უკრაინისთვის 18 მილიარდ ევროზე შეთანხმება, 1.5 მილაირდი ევრო ყოველთვიურად - ეს პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების მუდმივი ნაკადია”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა პარტნიორებს რთულ დროს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

“ევროკავშირის ყველა 27-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების მიწოდებას. ერთიანობის მნიშვნელოვანი სიგნალია”, - წერს ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე.