IEA - ევროკავშირს 2023 წელს გაზის დეფიციტის შესავსებად 100 მლრდ ევრო დასჭირდება

ევროკავშირის ქვეყნებს 2023 წელს შესაძლოა, 27 მილიარდი კუბური მეტრი გაზის დეფიციტი შეექმნათ, რომლის ლიკვიდაციისთვის დამატებით 100 მლრდ ევროს ინვესტიცეია იქნება საჭირო. ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ანგარიშში არის ნათქვამი, სახელწოდებით, „როგორ იქნეს აცილებული გაზის დეფიციტი ევროკავშირში 2023 წელს.“

ანგარიშში ნათქვამია, რომ ინვესტიციის, დაახლოებით, ნახევარი საჭირო იქნება ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად, პირველ რიგში კი შენობების მოდერნიზაციისთვის, 40% - განახლებადი ენერგიისთვის, ხოლო დანარჩენი ნაწილი სითბური ტუმბოების მოწყობილობებს, ბიომეთანს, აალებისა და მეთანის ემისიების შემცირების პროექტებს დასჭირდება.

სააგენტოს შეფასებით, ის ზომები, რაზეც დამატებითი ინვესტიციები იქნება მიმართული, ბუნებრივი აირის ხარჯების შემცირების გზით ეკონომიას დაუყოვნებლივ განაპირობებს. IEA-ს მონაცემებით, ყველა ამ ზომის აღსრულება 2023 წელს ბუნებრივი აირის იმპორტზე 30 მლრდ ევროს დაზოგავს, ხოლო ორ-სამ წელიწადში დანაზოგი საწყის ინვესტიციას გადააჭარბებს.

IEA, ასევე, წერს, რომ 2021 წლის ნოემბრიდან ევროკავშირის ქვეყნებმა გაზის მაღალი ფასებისგან მომხმარებლების დასაცავად, გადაუდებელი სუბსიდიების სახით, დაახლოებით, 330 მლრდ ევრო დახარჯეს. თუმცა ხშირ შემთხვევაში სუბსიდირებამ ენერგიის დაზოგვის სტიმული შეასუსტა. სააგენტოში არ გამორიცხავენ, მსგავსი მხარდაჭერის ზომები მომავალ წელსაც გაგრძელდეს, თუმცა მიიჩნევენ, რომ ისინი ყველაზე მეტად დაზარალებულ საწარმოებსა და შინამეურნეობებზე უნდა იყოს მიმართული.

ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკულ ბალანსს რისკები, ასევე, რუსული გაზის მილსადენებით მიწოდებამ შეუქმნა. ამ მოცულობის მნიშვნელოვანი კლების მიუხედავად, წელს რუსეთის ფედერაციიდან გაზის მთლიანმა იმპორტმა, დაახლოებით, 60 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ამასთან, სააგენტო წერს, რომ 2023 წელს რუსული მილსადენებით გაზის მიწოდება კიდევ უფრო შემცირდება ან მთლიანად შეწყდება.

ასევე, შეიზღუდება თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდება, რაც რუსული ექსპორტის ჩასანაცვლებლად მიმდინარეობს. IEA-ს თანახმად, მართალია, ევროკავშირი მზად არის, LNG-ის იმპორტის მოცულობა 40 მილიარდი კუბური მეტრით გაზარდოს, მაგრამ წლის განმავლობაში ბაზარზე რეალურად მხოლოდ 20 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობის შეტანა იქნება შესაძლებელი. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნები კონკურენციას ჩინეთისგან წააწყდებიან, რომლის მოთხოვნაც LNG-ზე, კორონავირუსული შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ