1500 ქალის გადამზადება ტექნოლოგიებში - უმსხვილესი პროექტი BTU-ში

ახალი შესაძლებლობა ქალებისთვის - „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში, ქალთა გადამზადების უპრეცედენტოდ მასშტაბურ პროექტს იწყებს, რომელიც ტრენინგ კურსებთან ერთად პოტენციური დამსაქმებლების მოძიებასაც ითვალისწინებს.

პროექტი USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამის თანადაფინანსებითა და მხარდაჭერით განხორციელდება. მისი მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, მათი ტექნოლოგიებში ჩართულობის უზრუნველყოფა და გადამზადების შემდგომი დასაქმების პროცესში მხარდაჭერა, აგრეთვე, სფეროში არსებული გენდერული უთანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერა საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ რეგიონებში ტექნოლოგიური მიმართულების შესწავლა და დასაქმება ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს, განსაკუთრებით ქალებისთვის, რის საპასუხოდაც კერძო და საჯარო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთობლივად იმუშავებენ.

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ რექტორის ნინო ენუქიძის განცხადებით, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რაც ამ დრომდე საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის განხორციელებულა და ის სტარტს სულ რამდენიმე დღეში აიღებს.

„პროექტი - 1500 ქალი ტექნოლოგიებში განხორციელდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კერძოდ, 8 ქალაქში, სადაც კანდიდატთა რეგისტრაციას მალე დავიწყებთ და ტექნოლოგიების სფეროს ცალკეულ მოდულებში დავარეგისტრირებთ პროექტის მონაწილეებს. ჩვენი წამოწყდება ითვალისწინებს არა მხოლოდ ბენეფიციარების გადამზადებას, არამედ მათი შემდგომი დასაქმების მხარდაჭერას, ცალკეული სასწავლო და სატრენინგო კომპიუტერული სივრცეების მოწყობას რეგიონებში და სხვა მრავალი ინიციატივის განხორციელებას“, - განაცხადა BTU-ს რექტორმა.

საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორის ჯონ პენელის განცხადებით, ეს არის იმ 30 წლიანი პროცესის ნაწილი, რომლის განმავლობაში USAID-ი და ამერიკელი ხალხი საქართველოს განვითარებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს. მისივე თქმით, პროექტი უმნიშვნელოვანესია იმ კუთხით, რომ ქალები შეიძენენ IT უნარებს და კონკურენტუნარიანები გახდებიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე,

„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ღონისძიებაში, USAID-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი, რადგანაც USAID-ის პროგრამამ და „საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა“ ხელი მოაწერეს მნიშვნელოვან პარტნიორობას, რომელიც განსაკუთრებით საჭიროა ქალებისთვის. ისინი შეიძენენ მნიშვნელოვან და საჭირო IT უნარ-ჩვევებს, ეს არის შესაძლებლობა განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის, მათთვის, ვინც ცხოვრობენ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან სოფლებში და ეთნიკური უმცირესობებისათვისაც. დაახლოებით 1500 ქალი მიიღებს მონაწილეობას და ამ პროგრამის ფარგლებში დაეუფლებიან IT უნარ-ჩვევებს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები და დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რომლებიც კერძო სექტორში არსებობს, როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისო ბაზარზე“, - განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში.

პროექტის ფარგლებში, Front-end დეველოპმენტის, Back-end დეველოპმენტის, UI/UX დიზაინის, გრაფიკული დიზაინის, ციფრული მარკეტინგის და ციფრული პროდუქტების ტესტირების მიმართულებით გადამზადდება 1500 მონაწილე. შერჩეულ მუნიციპალიტეტებს შორისაა: სამეგრელო, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გარდა ამისა: წეროვანის დევნილთა დასახლება. აგრეთვე, შეიქმნება ონლაინ სასწავლო პლატფორმა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქალთა სამუშაო და სასწავლო სივრცეები. ტექნოლოგიების მოდულების გარდა, მონაწილეები გადამზადდებიან ინგლისურ ენაში. ასევე, გაიმართება კარიერული ბუთქემფები და დასაქმების ღონისძიებები, ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდება ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია.

პროექტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი. მისი განცხადებით, ქალთა გაძლიერების აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტექნოლოგიური, ინოვაციური და IT ეკოსისტემის განვითარებაში.

„ქალების ჩართულობა ზოგადად ეკონომიკურ საქმიანობაში და განსაკუთრებით ტექნოლოგიებისა და IT სფეროში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ამ მიმართულებას აქტიურად ვუჭერთ მხარს ყველა იმ პროგრამასა და აქტივობაში, რასაც სამინისტრო ახორციელებს როგორც ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე ინოვაციებისა და IT ეკოსისტემის განვითარების თვალსაზრისით. ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენატანი იქნება იმ ტექნოლოგიური, ინოვაციური და IT ეკოსისტემის მშენებლობაში, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორი ერთობლივად ახორციელებს ბოლო წლების განმავლობაში. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა მონაწილე ქალს, რომელიც ჩაერთვება ამ პროგრამაში, გაივლის მას და აუცილებლად დასაქმდება მაღალანაზღაურებად და მაღალტექნოლოგიურ სამსახურებში“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

პროექტში მონაწილეობის მსურველთა მიერ ინტერესის გამოხატვის ფორმა უკვე შემუშავებულია და ხელმისაწვდომია ბმულზე. პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 2023 წლის 16 იანვარს. მიზნობრივი ჯგუფია შერჩეულ რეგიონში მცხოვრები, 16-დან 40 წლის ასაკამდე ქალები. პროექტის განხორციელების ვადაა 01.12.22-30.11.2024.

პროექტის წარდგენის დასასრულს, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა“ და USAID-მა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ასევე, კერძო სექტორიდან ათობით კომპანიამ მზაობა გამოთქვა ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის. აღსანიშნავია, რომ BTU მომავალშიც ღიაა, პარტნიორობა დაიწყოს კომპანიებთან, რომლებიც ქალთა ტექნოლოგიური გაძლიერების პროექტში ჩართვის მზაობას გამოთქვამენ.

პროექტის გახსნაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე - ნინო წილოსანი, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსი - ანა ფაშალეიშვილი, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე - თამარ სამხარაძე და საჯარო და კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლები.

(R)