ბიზნესრჩევები მილიარდერისგან, რომელმაც საინვესტიციო გამოცდილება 12 წლის ასაკში მიიღო

კარლოს სლიმი: არ იფიქრო რეპუტაციაზე

მექსიკელი ტელეკომუნიკაციების მაგნატი, წარმოშობით არაბი კარლოს სლიმ ელუ, რომლის ქონება 72 მლრდ დოლარია, წლების განმავლობაში ლიდერობდა მილიარდერთა რეიტინგში. 2014 წელს ის მეორე პოზიციაზე გადაანაცვლა ბილ გეიტსმა. ბიზნესმენი, მიუხედავად თავისი კოლოსალური კაპიტალისა, მოკრძალებულად ცხოვრობს. არ ჰყავს კერძო თვითმფრინავი და კვირაში 24 ათას დოლარზე მეტის დახარჯვის უფლებას არ აძლევს თავს. ერთი შეხედვით, შეიძლება ეს ბევრი ჩანდეს, მაგრამ სხვა მილიარდერებთან შედარებით, მართლაც ზღვაში წვეთია.

კარლოს სლიმი ლიბანელი ემიგრანტების ვაჟია. როგორც ამბობს, კეთილდღეობის ზრდის პირველი გაკვეთილები ადრეულ ბავშვობაში მიიღო. მამამ თითოეულ ბავშვს დაურიგა რვეულები და დაავალა, მასში ჩაეწერათ გასავალი და შემოსავალი. მერე ერთად განიხილავდნენ ჩანაწერებს და თითოეულის ქონებას აანალიზებდნენ. პირველი საინვესტიციო გამოცდილება კი მომავალმა მილიარდერმა 12 წლის ასაკში მიიღო, როცა ანგარიში გახსნა ერთ-ერთი მექსიკური ბანკის აქციების საყიდლად.

დღეს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ცნობილი ფილანტროპიც არის, დაარსებული აქვს თავისი სახელობის ფონდი, რომელიც მექსიკის საგანმანათლებლო, კულტურულ და სამედიცინო პროექტებს აფინანსებს.

კარლოს სლიმის ბიზნესციტატები

1. როცა რაღაცის გაკეთებას გადავწყვეტ, სწრაფადვე ვაკეთებ.

2. ვინც ფიქრობს, რომ ბიზნესის ძველი სახეობები დროთა განმავლობაში იღუპება, ძალიან ცდება. ისინი ახალი ცივილიზაციის მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა.

3. როცა კრიზისის დროს ყველა ცდილობდა აქტივების თავიდან მოშორებას, მე ვყიდულობდი.

4. დროის უმეტეს ნაწილს ახალი ტექნოლოგიების შესწავლაზე ვხარჯავ. მე უნდა ვიცოდე, რა ხდება მსოფლიოში და როგორ შეიძლება ამით ფულის შოვნა.

5. ბიზნესი ჩემპიონატი არ არის. აქ არ არის საჭირო კონკურენტების გასასწრებად ბრძოლა. გაცილებით მნიშვნელოვანია, თქვენი კომპეტენტურობა ამა თუ იმ სექტორში.

6. სიმდიდრემ სიმდიდრე უნდა შვას. აი, რატომ არის საჭირო მოგებული ფულის ინვესტირება და შემოსავლების განაწილება.

7. მიმაჩნია, რომ სიღარიბე საუკეთესო გარემოა ზრდისთვის. ქვეყნის სიღარიბიდან გამოყვანა ჩემი ცხოვრების მთავარი ინვესტიციაა.

8. კომპრომისი და პასუხისმგებლობა - აი, წარმატებული ბიზნესის მთავარი შემადგენელი ნაწილები.

9. ჩემი მიზანი ფული არ არის. მე ვისწრაფვი შევქმნა მომგებიანი კომპანიები საუკეთესო კოლექტივით, მინდა შევიცნო ახალი სფეროები.

10. არ მაღელვებს ჩემი რეპუტაცია. თუ სხვათა აზრებით ცხოვრობთ, დაღუპული ხართ. არ მინდა, დარჩენილი სიცოცხლე იმაზე დარდში გავლიო, რას იტვიან ჩემზე შთამომავლები.