რას ყიდის და ყიდულობს საქართველო აზერბაიჯანში

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვია. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა ჩატარდება.

„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რას ყიდის და ყიდულობს საქართველო ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტიორთან. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აზერბაიჯანთან იმპორტი 14.2%-ით, ექსპორტი კი, 22.2%-ით გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, 2022 წლის 10 თვის მონაცემებით აზერბაიჯანში ექსპორტმა 541,740 მლნ აშშ დოლარი, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 443,374 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება იმპორტს, აზერბაიჯანიდან წელს 515,693 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, გასულ წელს კი, 451,552 მლნ აშშ დოლარის. რაც შეეხება ბრუნვის მოცულობას, სახმელეთო მეზობელთან ბრუნვის მოცულობა 1 057 434 120 დოლარია.

„ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც წელს საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობთ იყიდა და გაყიდა აზერბაიჯანში.

Top-5 საექსპორტო პროდუქტი:

მსუბუქი ავტომობილები - 245,133 მლნ აშშ დოლარი;

სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 21,382 მლნ აშშ დოლარი;

სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 17,756 მლნ აშშ დოლარი;

ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 16,833 მლნ აშშ დოლარი;

ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან - 16,410 მლნ აშშ დოლარი.

Top-5 იმპორტირებული პროდუქტი:

ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 267,587 მლნ აშშ დოლარი;

ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 50,793 მლნ აშშ დოლარი;

წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 43,165 მლნ აშშ დოლარი;

ცემენტი - 31,305 მლნ აშშ დოლარი;

ნავთობის კოქსი, ნავთობის ბიტუმი და ნავთობის გადამუშავების სხვა ნარჩენები - 19,720 მლნ აშშ დოლარი.

თაია არდოტელი