თბილისის მერიის ადმინისტრაციის ხარჯები 1 800 000 ლარით შემცირდება

თბილისის მერიის ადმინისტრაციის ხარჯები 1 800 000 ლარით შემცირდება, - აღნიშნულის შესახებ თბილისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციების სხდომაზე ითქვა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომაზე წერილი წარადგინა, რომელშიც დავით ნარმანია ფინანსთა მინისტრს მიმართავს ადმინისტრაციული ხარჯების 1 800 000 ლარით შემცირების შესახებ. სხდომაზე დედაქალაქის მერი დავით ნარმანია იყო მიწვეული, თუმცა იგი საკრებულოში არ მისულა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ფრაქციების სხდომა მაინც გამართეს და ძირითადად, ხელისუფლების მიერ გამოცხადებული "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის განხორციელების საკითხი განიხილეს. როგორც სხდომაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ განაცხადა, ცინიკურია მერიის მიერ დაანონსებული "ქამრების შემოჭერის" საკითხი. როგორც სხდომაზე ითქვა, დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციული ხარჯები 90 მილიონ ლარს შეადგენს, დედაქალაქის მერია კი აპირებს ხარჯები მხოლოდ 1 800 000 ლარით შეამციროს, საიდანაც 1 550 000 ლარი საპრემიო თანხას შეადგენს.

ოპოზიციონერი დეპუტატის თამაზ შოშიაშვილის თქმით კი, ამ თანხაში არ შედის სახელფასო დანამატები, რომელიც მაღალი თანამდებობის პირებისთვის არის განსაზღვრული. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების თქმით, როგორც ჩანს, მერია მხოლოდ საშუალო და ქვედა რგოლის თანამშრომლებს "შემოუჭერს ქამრებს", ხოლო კომფორტისა და ფუფუნების თანხების შემცირებას არ აპირებენ.

როგორც სხდომაზე ირაკლი აბესაძემ განაცხადა, ისინი აიძულებენ დედაქალაქის ხელისუფლებას, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოვიდეს მერის მოადგილე მაინც და საქალაქო სამსახურის უფროსი, რათა აღნიშნულ საკითხებზე მოხდეს მსჯელობა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ასევე აპირებენ მოამზადონ კონკრეტული წინადადებები, თუ როგორ უნდა მოხდეს ხარჯების შემცირება და მერიის მიერ სწორი მიმართულებით ფინანსების გადანაწილება.