ლიეტუვაში დასაქმებულებისთვის ხუთდღიანი სასწავლო შვებულება დაწესდა

მომავალი წლიდან ლიეტუვაში დასაქმებულებს საშუალება ექნებათ, თვითგანათლებისთვის ხუთდღიანი შვებულებით ისარგებლონ. აღნიშნული ცვლილება შრომის კოდექსში ქვეყნის სეიმმა შეიტანა. ინფორმაციას გამოცემა Delfi ავრცელებს.

სასწავლო შვებულების უფლების დაწესებას სეიმის 106-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 3, ხოლო პარლამენტის 12-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.

ახალი საკანონმდებლო რეგულაციის მიხედვით, დასაქმებულებს, რომლებიც თვითგანათლების მეთოდით სწავლობენ, წელიწადში ხუთ სამუშაო დღემდე შვებულება მიეცემათ. ასეთი შვებულება დამსაქმებლის ინფორმირებიდან არაუგვიანეს ოცი სამუშაო დღის შემდეგ გაიცემა. შრომის კოდექსი, ასევე, ითვალისწინებს, რომ თვითგანათლებით დაკავებულ თანამშრომლებს ანაზღაურებადი სასწავლო შვებულება არ მიეცემათ, თუკი ეს კოლექტიური ხელშეკრულებით ან მხარეთა შეთანხმებით არ არის გათვალისწინებული.

ინიციატორების თქმით, შრომის კოდექსში ასეთი ცვლილებები ლიეტუველებს სწავლის შესაძლებლობას მთელი ცხოვრების მანძილზე აძლევს. მოქმედი შრომის კოდექსით, სასწავლო შვებულება მხოლოდ ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამებში მოსამზადებლად გაიცემა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ