scienceandstuff: სამეცნიერო ფანტასტიკა რეალობად იქცა - მსოფლიოში პირველი ხელოვნური საშვილოსნო-ინკუბატორის კონცეფცია ძალებს იკრებს

“2021 წლის ბოლოს ელონ მასკმა ტვიტერში გამოთქვა შიში, რომ კაცობრიობის აღსასრული ახლოვდებოდა... და მსოფლიო შობადობის შემცირება სოციალური ცნობიერების წინა პლანზე წამოაყენა.“ - ამის შესახებ ჟურნალი scienceandstuff წერს და ახალი კონცეფტ წამოწყების მართლაც რევოლუციურ დეტალებს გვიზიარებს.

იმის გამო, რომ ბოლო საუკუნის განმავლობაში, შობადობის მაჩვენებელი გლობალურად მცირდება. მეცნიერები შიშობენ, რომ მალე "მსოფლიოში უნაყოფობის კრიზისი" დადგება. პრობლემის ერთ-ერთი გამოსავალი კი - ხელოვნური საშვილოსნოა.

2017 წელს მეცნიერებმა შექმნეს ერთგვარი ხელოვნური საშვილოსნო - "BioBag", რომელიც ბატკნის გამოსაზრდელად გამოიყენეს. ახლა ახალი კონცეფცია ექსკლუზიურად Science and Stuff-ისთვის გასაჯაროვდა, რომელიც აღწერს, თუ როგორ შეიძლება იგივე გაკეთდეს ადამიანებისთვის.

ხელოვნური საშვილოსნოს სტარტაპის, EctoLife-ს შემქმნელი ჰაშემ ალ-გაილი გამოცემასთან აღწერს დეტალურად, თუ როგორ შეიძლება ხელოვნურ საშვილოსნოში ადამიანის გამოზრდა და დაბადება.

Science and Stuff-თან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ალ-გაილი ამბობს, რომ კონცეფციამ- EctoLife ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ჩაანაცვლოს ტრადიციული მშობიარობა. ეს უნიკალური შესაძლებლობაა პირველ რიგში ისეთი წყვილებისთვის, რომლებიც სხვადასხვა გართულებების გამო შვილს ვერ აჩენენ და ა.შ.

კონცეფცია EctoLife-ს საშუალებას მოგვცემს, უშვილობის კრიზისს პირისპირ დავუპირისპირდეთ.

ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში რეპროდუქციული ასაკის წყვილების 15% განიცდის უნაყოფობას. მართლაც, ბოლო 70 წლის განმავლობაში, შობადობის მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში თითქმის 50%-ით შემცირდა. ამის მიზეზებია დასაქმების ზრდა, ბავშვების აღზრდის მაღალი ღირებულება და გლობალურად სპერმის რაოდენობის შემცირება.

კრიზისის წინაშე 23 ქვეყანა უკვე რისკის ქვეშ იმყოფება. მათ შორის: იაპონია, ესპანეთი, პორტუგალია, ტაილანდი, სამხრეთ კორეა და ა.შ.

სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში 8 ამერიკელიდან 1 წყვილს ნაყოფიერების პრობლემა აქვს.

წყვილების 12-15% ვერ ახერხებს დაორსულებას ერთწლიანი დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ.

10%-ს არ შეუძლია დაორსულება ორი წლის დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ და ა.შ.

მასკის ცნობილ ტვიტზე საპასუხოდ, ტექნიკურმა ინვესტორმა საჰილ ლავინგიამ დაწერა:

„ჩვენ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია ტექნოლოგიაში, რომელიც შვილების გაჩენას ბევრად უფრო სწრაფს/ადვილს/იაფს/ ხელმისაწვდომს ხდის. სინთეტიკური საშვილოსნო და ა.შ.“

სწორედ ამას ფიქრობდა ალ-გაილი, როდესაც EctoLife-ის დიზაინი შეიმუშავა. როგორც ალ-გაილმა Science and Stuff-ს განუცხადა, ის EctoLife არის მომავლის კონცეფცია.

”ეს შესანიშნავი გამოსავალია ქალებისთვის, რომლებსაც საშვილოსნო ქირურგიულად ამოკვეთეს კიბოს ან სხვა გართულებების გამო. ეს ასევე შეიძლება დაეხმაროს პრობლემების გადაჭრას, რომლებიც წარმოიქმნება სპერმის ცუდი ხარისხის გამო,” - განაცხადა ალ-გაილიმ გამოცემასთან.

სამეცნიერო ფანტასტიკა რეალობად იქცა

სინთეზური/ ხელოვნური საშვილოსნო შეიძლება ჟღერდეს როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ტექნოლოგიური განვითარების ლოგიკური გაგრძელებაა.

1978 წლის 25 ივლისს, ინგლისში, მანჩესტერში, რაიონულ საავადმყოფოში დაიბადა გოგონა, სახელად ლუიზა ბრაუნი. რამაც მისი დაბადება დასამახსოვრებელი გახადა იყო ის, რომ ლუიზა პირველი ბავშვია, რომელიც ჩაისახა ინ ვიტრო განაყოფიერების გზით.

ლუიზას დედას ერთ-ერთი საკვერცხიდან ამოუღეს მომწიფებული კვერცხუჯრედი და მამის სპერმასთან გაანაყოფიერეს. მიღებული ემბრიონი შემდეგ ქალბატონ ბრაუნის საშვილოსნოში გადაიტანეს. ცხრა თვის შემდეგ დაიბადა ლუიზა. ბრაუნებმა მეორე ქალიშვილი, ნატალიც იგივე მეთოდით გააჩინეს. შემდეგ კი მესამე შვილი - ვაჟი.

მაშინ ეს ნამდვილი სენსაცია იყო. თუმცა დღეის მონაცემებით, ინ ვიტრო განაყოფიერებით მსოფლიოში ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტი ბავშვი ჩნდება.

2017 წელს შექმნილი BioBag იყო უზარმაზარი მიღწევა ხელოვნური საშვილოსნოს ტექნოლოგიაში. მეცნიერებმა ამ გზით გაზარდეს ბატკნის რვა ნაყოფი - დაახლოებით 22-დან 24 კვირამდე.

2021 წლის მარტში მიღწეული იქნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. ებრაელმა მეცნიერებმა ხელოვნურ საშვილოსნოში თაგვის ემბრიონის გაზრდა თერთმეტ დღემდე შეძლეს. აღსანიშნავია, რომ 11 დღე თაგვის გესტაციური პერიოდის ნახევარზე მეტია.

“ჩვენ მხოლოდ რამდენიმე წელი გვაშორებს ადამიანის სუბიექტებზე ტესტირებას,” - წერს სოციალური ეთიკისა და პოლიტიკის აკადემიკოსი ელიზაბეტ ქლოე რომანისი BMJ-ის სამედიცინო ეთიკის ჟურნალში.

EctoLife თავის ვიდეოებში ამბობს, რომ პირველი ნაბიჯი, რაც მომავალმა მშობლებმა უნდა გადადგან, არის მათი კვერცხუჯრედების და სპერმის გაერთიანება ინ ვიტრო განაყოფიერების გზით. ეს მათ საშუალებას მისცემს აირჩიონ მხოლოდ სიცოცხლისუნარიანი და „გენეტიკურად აღმატებული ემბრიონები“. გენეტიკურად აღმატებული ემბრიონები, არიან ისეთები, რომელთა დნმ ყველაზე ჯანმრთელია. რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ბავშვი ყველანაირი დეფექტის გარეშე დაიბადება.

EctoLife -ის წარმომადგენლის თქმით, მათი კონცეფცია იმით არის გამორჩეული, რომ პროცესი შეიძლება გამოყენებულ იქნას „თანდაყოლილი დეფექტების სკრინინგისთვის“.

ხელოვური საშვილოსნო ასევე მშობლებს შესთავაზებს შესაძლებლობას, “ემბრიონის ხელოვნურ საშვილოსნოში ჩანერგვამდე, მოახდინონ გენეტიკური ინჟინერია.“ - ეს შექმნის შესაძლებლობას „გამოასწოროთ ნებისმიერი მემკვიდრეობითი გენეტიკური დაავადება, რომელიც თქვენი ოჯახის ისტორიის ნაწილია.

ალ-გაილის თქმით, EctoLife დაწესებულება ასევე ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის (AI) ფართო გამოყენებას, რომლის ერთ-ერთი გამოყენებაა თითოეული ბავშვისთვის „მოთხოვნილებებზე მორგებული საკვები ნივთიერებების“ მიწოდება.

EctoLife-ს ასევე შეუძლია მშობლებს საშუალება მისცეს, განიცადონ ის, რასაც მათი ბავშვი ხედავს და ესმის 360°-იანი კამერების გამოყენებით, რომლებიც ხელოვნურ საშვილოსნოშია და დაწყვილებულია ვირტუალური რეალობის ყურსასმენთან. ეს კამერები ასევე შესთავაზებენ მშობლებს ბავშვის განვითარების მუდმივ ვიდეოს.

დინამიკები შეიძლება გამოყენებულ იქნას ბავშვისთვის სიტყვებისა და მუსიკის ფართო სპექტრის დასაკრავად, იმ ბგერების მიბაძვით, რომლებიც ჩვილებს ესმით დედის მუცელში ყოფნისას.

როცა ბავშვი სრულ სიმწიფეს მიაღწევს, მშობიარობის პროცესი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ღილაკის დაჭერით, რაც გამოიწვევს ხელოვნური ამნისტიური სითხის გადინებას.

მზარდი ბაზარი

რეპროდუქციის ტექნოლოგიის, ანუ ART, ბაზარი უკვე დიდია და ის სულ უფრო ფართოვდება. მოსალოდნელია, რომ IVF სერვისების ბაზარი 2030 წლისთვის 35 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, 2030 წლისთვის კი IVF მოწყობილობების ბაზარი 10 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

წყარო: scienceandstuff.com

თეონა რამაზაშვილი