რამდენს აწარმოებს და რამდენი ელექტროენერგია გააქვს ექსპორტზე აზერბაიჯანს

რამდენიმე დღის წინ საქართველომ, რუმინეთმა, აზერბაიჯანმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ახალი ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანას ითვალისწინებს და სამხრეთ კავკასიას ევროპულ სისტემასთან ინტეგრირების საშუალებას მისცემს.

მართალია, პროექტი საქართველოსთვის უზარმაზარი შესაძლებლობა და ევროპულ ოჯახთან დაკავშირების პერსპექტივაა, თუმცა ამ ეტაპზე მთავარ საექსპორტო ქვეყნად აზერბაიჯანი განიხილება. სწორედ ჩვენი მეზობლის შესაძლებლობებს გადავავლებთ თვალს ელექტროენერგიის წარმოების მხრივ ამ სტატიაში.

დავიწყოთ ელექტროენერგიის გამომუშავებით. ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოება, თითქმის, ყოველწლიურად იზრდება. ასე მაგალითად, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს თანახმად, 2021 წელს გამომუშავებული იქნა 27.8 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის მაჩვენებელზე, 25.8 მლრდ კვტ.სთ-ზე, 7.9%-ით მეტია და ისტორიული მაქსიმუმია.

აზერბაიჯანს რეგიონისა და არამარტო რეგიონის სხვა ქვეყნებისგან ბუნებრივი აირის უხვი მარაგები გამოარჩევს და გასაკვირი არაა, რომ ელექტროენერგიის გამომუშავებაში უდიდესი წილი სწორედ გაზს აქვს. 2021-ში სულ წარმოებული ელექტროენერგიიდან თერმულ ელექტროსადგურებზე 26.2 მლრდ კვტ.სთ მოდის, რაც 94.2% იყო მთლიანი გამომუშავების. დანარჩენი 5.8% განახლებად ენერგიებზე მოდიოდა.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს თანახმად, აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოების მთლიანი სიმძლავრე 7 542.2 მეგავატია. რაც შეეხება განახლებად ენერგიებს, ამ ტიპის ელექტროსადგურების და მათ შორის, დიდი ჰესების საერთო სიმძლავრე 1 304.5 მეგავატია, რაც მთლიანი სიმძლავრის 17.3%-ს შეადგენს.

ქვეყანაში სულ 30 ჰიდროელექტროსადგურია (10 დიდი და 20 მცირე ზომის), რომელთა სიმძლავრე 1 154.8 მეგავატია. ქარის სადგურების რაოდენობა 7-ია, სიმძლავრე კი 66.1 მეგავატი, მზის ენერგიაზე მომუშავე 12 ელექტროსადგურების სიმძლავრე კი 45.9 მეგავატს შეადგენს.

2021 წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია ელექტროენერგიის ექსპორტმა და 1.7 მლრდ კვტ.სთ შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 45.4%-ით მეტია.

აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის ექსპორტი 2008-2021 წლებში, ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემები (მლრდ კვტ.სთ):

idxal-ixrac-2008-2021-eng-1671536326.png

ცნობისთვის, პარიზის 2015 წლის შეთანხმების შესაბამისად, აზერბაიჯანი ნახშირბადის ემისიების 35%-ით შემცირებას გეგმავს 2030 წლამდე, ხოლო 40%-ით 2050 წლამდე. ამის მისაღწევად ქვეყანა 30%-მდე გაზრდის განახლებადი ენერგიების დადგმულ სიმძლავრეს ქვეყნის ენერგობალანსში. საერთო ჯამში, განახლებადი ენერგიების სიმძლავრე 1500 მეგავატით უნდა გაიზარდოს ათწლეულის ბოლომდე.

ენერგეტიკის სამინისტროს გამოთვლებით, ქვეყანაში განახლებადი ენერგიების პოტენციალი 27 000 მეგავატამდეა, აქედან 23 000 მზის ენერგიაა, 3000 მეგავატი - ქარის, 380 ბიოენერგია, ხოლო 520 მეგავატი მთის მდინარეებზე მოდის.

შედარებისთვის, 2021-ში საქართველოში 12.6 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია იწარმოვა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 13.3%-ით მეტია. უდიდესი წილი - 80.5% გამომუშავებაში ჰიდროელექტროსადგურებს ჰქონდა, 18.8% თბოსადგურებმა გამოიმუშავეს, ხოლო დანარჩენი 0.7% ქართლის ქარის სადგურის მეშვეობით გამომუშავდა.

რაც შეეხება ისევ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, ის წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 2.3 მილიარდი ევროა.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ - წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი) რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს აღნიშნულ რეგიონებს შორის.

კახი ჩაკვეტაძე