დერიპასკას საპროექტო კომპანიამ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პრეზენტაცია გამართა

სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია პუტინმა რომ სანქცირებულ ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას ჩააბარა, ეს აეროპორტის ეტაპობრივი განვითარების გენერალური გეგმის პრეზენტაციაზეც დადასტურდა, რომელიც დღეს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.

„აფსნიპრესი,“ რომელიც ასლან ბჟანიას პრესსამსახურის ცნობას ეყრდნობა, იტყობინება, რომ აეროპორტის მოდერნიზაციის გეგმა რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის საპროექტო-კვლევითმა ინსტიტუტმა, „ლენაეროპროექტმა“ შეიმუშავა, რომლის ერთ-ერთ მფლობელად დერიპასკას ასახელებენ.

პრეზენტაცია თავად „ლენაეროპროექტის“ წარმომადგენლებმა გამართეს, რომლებიც სოხუმში იმყოფებიან. მათ დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი, ბადრა გუნბა მიესალმა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობაც გადაუხადა.

ზუსტად ერთი წლის წინ, 2021 წლის 15 დეკემბერს ქონების მართვის ფედერალური სააგენტოსგან „ლენაეროპროექტი“ 897 მლნ რუბლად, ანუ, დაახლოებით, 13 მლნ დოლარად (საწყისი ფასი 12 300 000 დოლარი იყო) მოსკოვურმა სააქციო საზოგადოება „კრასკომ“ შეისყიდა. მართალია, „კრასკოს“ დამფუძნებლები არ მჟღავნდებიან, რადგან 2021 წლის აპრილში დარეგისტრირების შემდეგ კომპანია არასაჯარო სააქციო საზოგადოების უფლებას იყენებს, მაგრამ ნავალნის ჯგუფმა შარშან გამოააშკარავა, რომ დამფუძნებლები ოლეგ დერიპასკა და მისი ბიზნესპარტნიორი, ევგენი აგარკოვი არიან.

„ლენაეროპროექტი“ საავიაციო სექტორში წარმატებულ ბიზნესს წარმოადგენს, რომლის შემოსავალიც წელიწადში, დაახლოებით, ნახევარი მილიარდი რუბლი, ანუ 7 200 000 დოლარზე მეტია). საპროექტო ინსტიტუტი, სულ მცირე, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მომგებიანია და დივიდენდების რეგულარული გადამხდელიცაა. მაგალითად, 2021 წელს „ლენაეროპროექტის“ 100%-იანი წილის ყოფილმა მფლობელმა, ქონების მართვის ფედერალურმა სააგენტომ 20 მლნ რუბლის (თითქმის, 300 000 დოლარის) სუფთა მოგებიდან ინსტიტუტისგან 11 მლნ რუბლი (160 000 დოლარამდე) მიიღო.

აღსანიშნავია, რომ „ლენაეროპროექტი“ კორუფციული სქემის ერთ-ერთი რგოლია. მიმდინარე წლის 1 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგის ოკტიაბრსკის რაიონულმა სასამართლომ „ლენაეროპროექტის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, ალექსანდრ პოდკინს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პოდკინი ქვეკონტრაქტების გაფორმების დროს დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში იყო ბრალდებული. ამ სქემით მან 2012-13 წლებში პეტროპავლოვსკ-კამჩატკისა და მინერალნიე ვოდის აეროპორტების, ხოლო 2014 წლის დასაწყისში უფას აეროპორტის რეკონსტრუქციის თანხა მიითვისა.

სოხუმში დღეს გამართულ პრეზენტაციაზე კიდევ ერთხელ ითქვა, რომ აეორპორტი 2024 წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ ამ ვადაში აეროპორტის გახსნა პირველად დერიპასკას კუთვნილი კომპანიების ჯგუფ „საბაზისო ელემენტის“ მმართველმა დირექტორმა, ალექსეი ვასილჩენკომ გამოაცხადა. აგვისტოში ონლაინჟურნალი, SOVA წერდა, რომ აეროპორტის ინვესტორი სწორედ დერიპასკას კუთვნილი კომპანიაა. იმავე აგვისტოში „საბაზისო ელემენტმა" სოხუმის აეროპორტის ასაფრენი ბილიკის ტესტირების დასრულება გამოაცხადა. ალექსეი ვასილჩენკო მაშინ ამბობდა, რომ პროექტის პირველი ეტაპი 2,4 კმ ასაფრენი ბილიკისა და ტერმინალის შენობის შეკეთებას მოიცავს, რის შემდეგაც 10 000 კვ.მ. ფართობის კომპლექსი საათში 435 კაცს გაატარებს და წელიწადში 1,5 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება. რაც შეეხება მეორე ეტაპს, ვასილჩენკოს თქმით, ძველის ადგილზე ორსართულიანი ტერმინალი აშენდება და მგზავრთა ნაკადი წელიწადში 2,5 მილიონ ადამიანამდე გაიზრდება.

„საბაზისო ელემენტი“ შპს Basic Element-ის კუთვნილი კომპანიაა, რომელიც რეგისტრირებულია ჯერსიში. თავის მხრივ, შპს Basic Element-ის 100%-იანი წილი კომპანია A-Finance-ს ეკუთვნის, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონაში არის რეგისტირირებული. მისი ბენეფიციარი სანქცირებული რუსი ბიზნესმენი, ოლეგ დერიპასკაა.

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა და დერიპასკას კომპანია აეროპორტის რეკონსტრუქციის ეტაპებსა და ობიექტების საკუთრებაზე ვერ თანხმდებიან. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ერთ-ერთ თათბირზე განაცხადა. ბჟანია ამბობს, რომ „საკუთრების საკითხში აფხაზური მხარის პოზიცია პრინციპული და კატეგორიული უნდა იყოს და ასაფრენი ბილიკისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურა აფხაზეთის საკუთრებაში უნდა დარჩეს.“

დე ფაქტო ხელისუფლების პოზიცია „პრინციპული“ მას შემდეგ გახდა, რაც მიმდინარე წლის აგვისტოში აფხაზური სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტო, რომელიც ე.წ. ეკონომიკის მინისტრის, კრისტინა ოზგანისა და მისი რუსი კოლეგის მიერ აეროპორტის ინფრასტრუქტურის დათვალიერების დროს ტელეოპერატორის ობიექტივში შემთხვევით მოხვდა. ფოტო რუსული მხარის მიერ შეთავაზებულ გეგმას და იმ ობიექტებს ასახავდა, რომელებიც „რუსეთის ფედერაციის კუთვნილებაში გადადიოდა.“ მათ შორის იყო ასაფრენი ბილიკი, სადისპეტჩერო და საკონტროლო-გამშვები პუნქტები, ასევე, აეროსადგურის კომპლექსის შენობები, წინამდებარე მოედანი და გასამართი სადგური. გარიგების თანახმად, აფხაზეთის საკუთრებაში მხოლოდ ელექტროენერგიის ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი და მისასვლელი გზა რჩება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ