რატომ უფასურდება რუსული რუბლი

რუსული რუბლი ამერიკულ დოლართან მიმართებით უფასურდება. ამჟამად ერთი დოლარით 70 რუბლის ყიდვაა შესაძლებელი, რაც მიმდინარე წლის მაისის დასაწყისის შემდეგ რუსული ვალუტის ყველაზე მკვეთრი კლებაა. ერთი კვირის წინ 1 დოლარად 64 რუბლის ყიდვა, ერთი თვის წინ კი 60 რუბლის ყიდვა იყო შესაძლებელი.

რუბლის გაუფასურების მთავარი მიზეზი ამჟამად 60-დოლარიანი ფასის ლიმიტის დაწესების შემდეგ ნავთობის ფასების და მათ შორის, რუსული Urals-ის ღირებულების კლებაა - რუსეთისთვის ნავთობით და სხვა ენერგორესურსებით ვაჭრობა შემოსავლის მთავარი წყარო, მათი გაიაფება და ნაკლები მყიდველი კი ეროვნული ვალუტის კურსზე აისახება.

რუბლი უფასურდება ევროს მიმართაც, რაც ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგია.

ამ ფონზე, მყარდება რუსეთის მეზობელი ქვეყნების ვალუტები. ომის გამო ქვეყნიდან მოქალაქეების გადინებამ ყოფილი საბჭოთა სივრცის იმგვარი ქვეყნების ეროვნული ვალუტები, როგორებიცაა სომხეთი, საქართველო და ტაჯიკეთი, მიმდინარე წელს საგრძნობლად გაამყარა.

Bloomberg-ის თანახმად, წელს სომხური დრამი 22%-ითაა გამყარებული დოლარის მიმართ, ქართული ლარი 16%-ით, ტაჯიკური სომონი კი 10%-ით.

კახი ჩაკვეტაძე