როგორ შეიცვალა საქართველოს მეზობელი ქვეყნების და უკრაინის ვალუტების კურსი ომის დაწყების შემდეგ

ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის გამო რუსეთიდან მოქალაქეების გადინებამ, ფულადი გადარიცხვებისა და მიმოქცევაში დოლარის რაოდენობის ზრდამ ყოფილ საბჭოთა სივრცის ქვეყნებში ეროვნული ვალუტების გამყარება გამოიწვია. გაცვლითი კურსი გაუმჯობესდა სომხეთში, საქართველოში და ტაჯიკეთში.

Bloomberg-ის თანახმად, წელს სომხური დრამი 22%-ითაა გამყარებული დოლარის მიმართ, ქართული ლარი 16%-ით, ტაჯიკური სომონი კი 10%-ით.

გადავხედოთ, როგორ შეიცვალა საქართველოს, მისი მეზობელი ქვეყნებისა და უკრაინის ვალუტების კურსები უშუალოდ რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების, 24 თებერვლის შემდეგ.

დავიწყოთ ქართული ლარით. მიმდინარე წლის 24 თებერვალს 1 დოლარად 3.0162 ლარის ყიდვა იყო შესაძლებელი, ომის დაწყების შემდეგ ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა და დოლარის ღირებულებამ წლიურ პიკს 3.4019 ლარს 10 მარტს მიაღწია. ამ თარიღიდან მოყოლებული ლარი გამყარების გზაზეა. 24 თებერვალთან შედარებით, ქვეყნის ეროვნული ვალუტა 11.65%-ითაა გამყარებული და კურსი დღეს 2.6646-ია.

რეგიონში ყველაზე მეტად სომხური დრამია გამყარებული. 24 თებერვალს 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 479.78 დრამი იყო, დღეს კი 393.97 დრამია, რაც 17.9%-იანი გამყარებაა.

სანქციებისა და იზოლაციის მიუხედავად რუბლი 24 თებერვალთან შედარებით გამყარებულია. ომის დაწყების დღეს 1 დოლარი თუ 80.4 რუსული რუბლი ღირდა, დღეს 70.5 რუბლი ღირს, რაც დოლარის 12.3%-იან გაიაფებას და რუბლის ამდენივე პროცენტით გამყარებას ნიშნავს ამ პერიოდში. თუმცა ბოლო კვირაში, რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესების გამო, რუბლის ღირებულება იკლებს და მიმდინარე წლის მაისის დასაწყისის შემდეგ რუსული ვალუტა დოლარის მიამრთ ყველაზე მეტადაა გაუფასურებული. ერთი კვირის წინ 1 დოლარად 64 რუბლის ყიდვა, ერთი თვის წინ კი 60 რუბლის ყიდვა იყო შესაძლებელი.

გასაკვირი არაა, რომ სხვა უზარმაზარ ზარალთან ერთად, რუსულმა აგრესიამ უკრაინული ვალუტის გაუფასურებაც გამოიწვია. 1 დოლარი უკრაინაში 29.2549 გრივნა ღირდა 24 თებერვალს, 22 დეკემბერს კი ფასი 36.5686 გრივნაა, რაც 25%-იანი გაუფასურებაა.

უფასურდება ლირაც. 24 თებერვალს თურქეთში 1 დოლარის ფასი 14.2 დოლარი იყო, 20 დეკემბრის მდგომარეობით ფასი 18.6 დოლარია, რა ნიშნავს იმას, რომ დოლარი გაძვირდა და თურქული ვალუტა 31%-ით გაუფასურდა.

აზერბაიჯანში მანათი დოლარზეა მიბმული, ამიტომ დოლარის ღირებულება არ შეცვლილა და კვლავ 1.7 მანათს შეადგენს.

კახი ჩაკვეტაძე