ესპანეთის პარლამენტი ნახევარ მილიონი მიგრანტის ლეგალიზაციის საკითხს განიხილავს

ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, დაახლოებით, ნახევარი მილიონი მიგრანტის ლეგალიზაციის საკითხი უნდა განიხილოს. ამის შესახებ საზოგადოებრივმა მოძრაობა Esensiales-მა Twitter-ის გვერდზე დაწერა.

მიგრანტების ლეგალიზაციის მხარდასაჭერად ორგანიზაციამ, დაახლოებით, 700 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა და ინიციატივა განსახილველად ქვეყნის პარლამენტში დაარეგისტრირა. არსებული კანონმდებლობით, პარლამენტის ქვედა პალატამ ეს წინადადება ექვსი თვის ვადაში უნდა განიხილოს.

Esensiales-ის შეფასებით, „ეს არის ერთ-ერთი იმ ხუთი პოპულარული საკანონმდებლო ინიციატივიდან, რომლებმაც ისტორიულად ყველაზე მეტი მხარდაჭერა მოიპოვეს.“

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ „დაახლოებით, ნახევარი მილიონი უცხოელი, რომელიც უკვე ცხოვრობს და მუშაობს ესპანეთში, ლეგალიზაციის შემდეგ შრომით უფლებებზე, ღირსეულ საცხოვრებელზე, სამედიცინო დაზღვევასა და სხვა ძირითად საჭიროებაზე წვდომისთვის აუცილებელ დოკუმენტებს მიიღებს.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ