აშშ-ის სენატმა უკრაინის სასარგებლოდ რუსეთის აქტივების კონფისკაციას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა ცვლილება უკრაინის სასარგებლოდ გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ. ინფორმაციას The Washington Post (WP) ავრცელებს.

შესაბამისი ცვლილება 2023 ფისკალური წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტში შედის, რომლის ოდენობაც 1,66 ტრლნ დოლარს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტი სენატმა ხმათა უმრავლესობით გუშინ მიიღო, ხოლო წარმომადგენლობითი პალატა კანონპროექტს, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებს. ამის შემდეგ დოკუმენტს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი, რომელიც, WP-ის ცნობით, კიევის სასარგებლოდ რუსული აქტივების კონფისკაციას ადრეც მხარს უჭერდა.

ცვლილების თანაავტორები სენატორები, ლინდსი გრემი და შელდონ უაითჰაუსი არიან. გრემი ამბობს, რომ რუსული აქტივების განკარგვა საშუალებას მისცემს უკრაინას, მილიარდობით დოლარი მიიღოს და „ამერიკელი გადასახადის გადამხდელები ზეწოლისგან გაათავისუფლოს.“

კონგრესმენი, ტომ მალინოვსკი, რომელმაც ეს ინიციატივა წარმომადგენლობით პალატაში წარადგინა, იმედოვნებს, რომ „კანონი წაახალისებს იუსტიციის დეპარტამენტს, გააორმაგოს ძალისხმევა კლეპტოკრატების აქტივების ჩამორთმევის მიზნით, რასაც ევროპელი მოკავშირეებიც გაიმეორებენ.“

ერთი დღით ადრე შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 1,85 მლრდ დოლარის დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა, რომელიც საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პატრიოტების“ მიწოდებას მოიცავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ