ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს ტურიზმის სფეროში დასაქმებული და დასაქმების მსურველი 2000-ზე მეტი ადამიანი გადაამზადა

კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით წელს, 9 თემატიკის 30 ტრენინგ-სემინარი გაიმართა.

გადამზადების კურსები ტურიზმის სფეროში დასაქმებულმა და დასაქმების მსურველებმა სრულიად უსასყიდლოდ გაიარეს.

„ადმინისტრაციის ორგანიზებით, წელს, საერთაშორისო ტრენერებმა: ჯონ შოულმა, მონიკა ქეროლინმა და მაიკლ ბენგმა სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, კვების ობიექტების წარმომადგენლებისა და გიდებისთვის მასტერკლასები მოაწყვეს.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა ტრენინგები გაიარეს ისეთ საკითხებში, როგორიცაა - „ოქროს სამეული სტუმარმასპინძლობისათვის“- გუნდი, გაყიდვები მომსახურება; პირველადი სამედიცინო დახმარება; ტურისტული სერვისები შშმ პირთათვის; მომსახურება და უსაფრთხოება; ემოციური ინტელექტი; ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა; ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მომსახურების სფეროში.

წელსვე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების „GIZ“ მხარდაჭერით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის გურიაში, ქვემო ქართლსა და რაჭაში ტრენინგები „ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“ და „ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში“ ჩაატარა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტრენინგების მიზანია მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესება“, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.