EastFruit – რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოში ხილ-ბოსტნეულისა და თხილის ექსპორტი შეამცირა, იმპორტი კი გაზარდა

2022 წელი საკმაოდ რთული წელი იყო საქართველოს მებაღეობის სექტორისთვის. ამის შესახებ EastFruit-საქართველოს მიმდინარე წლის ანგარიშში არის ნათქვამი, რომელიც პორტალის ვებგვერდზე ვრცელდება.

მიზეზად პორტალი გლობალური ეკონომიკის ძირითად სირთულეებს ასახელებს. ესენია:

  • მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისი, რაც მიწოდებაზე პოსტკოვიდურმა ჭარბმა მოთხოვნამ და შესაბამისად, ენერგეტიკული ფასების ზრდამ გამოიწვია.
  • რუსეთ-უკრაინის ომი - ორივე ქვეყნის ბაზართან საქართველოს ეკონომიკა ვაჭრობითა და ტურიზმით მჭიდროდ არის დაკავშირებული. ამდენად, ომის შედეგად ქართული მებაღეობა წარმოებისა და ლოგისტიკური ხარჯების ზრდას განიცდის.
  • თურქეთის მიერ ექსპორტის შეზღუდვა საკუთარ ბაზარზე ფასების შემცირების მიზნით. ასევე, თურქული ლირას გაუფასურება და მეტად მაღალი ინფლაციის ფონზე თურქეთის მთავრობის საეჭვო ეკონომიკური პოლიტიკა, რაც სერიოზულ კრიზისში გადაიზარდა. თურქეთი არის ხილ-ბოსტნეულის მთავარი ექსპორტიორი საქართველოში, ამიტომ ექსპორტის შეზღუდვამ მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა ქართულ ბაზარზე.
  • ადგილობრივი ამინდის პირობები, რის გამოც მოსავალი ჭიანურდებოდა ან მისი ხარისხი უარესდებოდა ანდა ორივე ერთად. ამის შედეგად ბევრ პროდუქტზე ფასები გაიზარდა.
  • მუშახელის დეფიციტი, - კიდევ ერთი ადგილობრივი ფაქტორი, რაც წელს უფრო შესამჩნევი გახდა.

EastFruit-საქართველოს მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, ხილ-ბოსტნეულისა და თხილის საგარეო ვაჭრობაში ქვეყნის ექსპორტმა 166 მლნ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული 2021 წლის ანალოგიურ პერიოდზე 17%-ით ნაკლებია.

პირველი სამი დიდი საექსპორტო ბაზარია:

  • რუსეთი - 67 მლნ დოლარის ექპორტით. საბანკო სანქციების მიუხედავად, რუსეთი საქართველოდან იმპორტს აერხებს, რადგან რუსი ტრეიდერები ჩვეულებრივ შედიან ქვეყანაში და ნაღდი ფულით იხდიან.
  • იტალია - 25 მლნ დოლარის ექსპორტით
  • გერმანია - ასევე, 25 მლნ დოლარის ექსპორტით.

იტალიამ და გერმანიამ, წინა წლების მსგავსად, 2022 წელსაც საქართველოდან მებაღეობის მთავარი საექსპორტო პროდუქტის, თხილის იმპორტი განახორციელეს.

რაც შეეხება ქვეყნის იმპორტს, ის 30%-ით, ანუ 2021 წლის 74 მლნ დოლარიდან წელს 96 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

პირველი სამი ბაზარი, საიდანაც საქართველო იმპორტს ახორციელებს:

  • თურქეთი - 36 მლნ დოლარით,
  • ეკვადორი - 23 მლნ დოლარით, რომელიც ბანანის მთავარი ექსპორტიორია საქართველოში.
  • უზბეკეთი - 7 მლნ დოლარით. აღსანიშნავია, რომ უზბეკეთმა თავისი ექსპორტი საქართველოში, წლიური თვასზარისით, 80%-ით გაზარდა, რადგან თურქეთმა საკუთარი ბაზრის დაკმაყოფილების მიზნით მიწოდება ნაწილობრივ შეზღუდა.

EastFruit-საქართველოს სავაჭრო მონაცემებში 2021 და 2022 წლების დეკემბერი არ შედის, რადგან თვე ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, როგორც პორტალი აღნიშნავს, დეკემბრის მონაცემების გათვალისწინებითაც ხილ-ბოსტნეულითა და თხილით საქართველოს საგარეო ვაჭრობის საერთო სურათი არ შეიცვლებოდა. რუსეთ-უკრაინის ომის გამო 2022 წლის ექსპორტი ყველა ვარიანტში შემცირებულია, ხოლო იმპორტი გაზრდილი. იმპორტის მატების მთავარი მიზეზი მზარდი ადგილობრივი მოთხოვნაა, რაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასიურმა შესვლამ გამოიწვია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ