რუსთავის საკრებულომ ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა

რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტს მხარი მეორე მოსმენით, ერთხმად დაუჭირა. საკრებულოს სხდომას, წარმომადგენლობითი ორგანოს 35 -ვე წევრი ესწრებოდა.

ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და ფრაქცია ,,რუსთავი საქართველოსთვის“ წევრებს, ბიუჯეტის სოციალურ და ინფრასტრუქტურულ ნაწილთან დაკავშირებით, გარკვეული შენიშვნები ჰქონდათ, რაზეც რუსთავის მერის მოადგილეებისგან მიიღეს განმარტება, რომ აღნიშნული საკითხების გათვალისწინება, წლის განმავლობაში ბიუჯეტის ზრდასთან ერთად ეტაპობრივად მოხდება.

ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის მარი ლიპარტელიანის განცხადებით, მათ გონივრული მოლოდინი ჰქონდათ, რომ ოპოზიციური პარტიები ბიუჯეტის პროექტს მხარს მეორე მოსმენისას მაინც დაუჭერდნენ.

"2023 წლის ბიუჯეტი დაიწყება 87 მილიონი ლარით, არსებობს გამოწვევები, რომელსაც ჩვენი გუნდი არ გავურბივართ, პირიქით, 24 საათიან რეჟიმში ვცდილობთ, რომ ეს პრობლემები, მტკივნეული საკითხები, რაც ჩვენს თანაქალაქელებს, მათ ვინც ჩვენ აგვირჩია, აწუხებთ, ყველაფერი მოვაგვაროთ. ბუნებრივია, ერთ წელიწადში ყველაფრის მოგვარება შეუძლებელი იქნებოდა. წლევანდელი ბიუჯეტის ზრდა არის იმის ნიმუში, რომ მომავალ წელსაც, ზრდის შემთხვევაში, ჩვენ ძალიან ბევრ პროგრამას, პროექტს მოვიცავთ და გავაგრძელებთ მიმდინარეებს. რვაჯერ ცვლილების შედეგად, 2022 წლის საწყისი ბიუჯეტი 81 მილიონი ლარიდან, 104 მილიონს გასცდა“, - განაცხადა მარი ლიპარტელიანმა.

საკრებულოს თავმჯდომარის, პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრის ნოდარ შეროზიას განცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, მერიაში გარკვეული შენიშვნებით პირველი მოსმენის შემდეგ დააბრუნეს, თუმცა, რადგან საწყისი ბიუჯეტი 87 მილიონითაა განსაზღვრული, ოპოზიციური პარტიების მოთხოვნებისა და შენიშვნების გათვალისწინება ამ ეტაპზე მერიის მხრიდან ვერ მოხდა.

"ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა ბიუჯეტის ჩაგდება, ვითვალისწინებთ ჩვენი ქალაქის მცხოვრებლების ინტერესებს და ყოველთვის ვცდილობთ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს ის პრიორიტეტები, რაც მოსახლეობას აქვს. ჩვენ მზად ვართ მერიასთან თანამშრომლობაზე და ბიუჯეტზე პასუხისმგებლობის აღებაზე. ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან მივიღეთ დაპირება, რომ ბიუჯეტის გაზრდის შემთხვევაში, რისი ტენდენცია წელს უკვე გვქონდა, ჩვენთან ერთად იმსჯელებენ პრიორიტეტებზე და ერთად ჩამოვყალიბდებით“, - განაცხადა ნოდარ შეროზიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, პირველ მოსმენაზე საკრებულოს ოპოზიციურ ნაწილს, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიმართ რადიკალური განწყობა ჰქონდა და პოზიცია ხომ არ შეაცვლევინათ კანონში შეტანილმა ცვლილებამ, რომლის თანახმადაც თუ საკრებულო არ დაამტკიცებდა ბიუჯეტს, უფლებამოსილება შეუწყდება, ნოდარ შეროზიამ განაცხადა, რომ ამ ცვლილებას მათზე არ უმოქმედია.

ანალოგიური განცხადება გაკეთა ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრმა ნანა შატბერაშვილმაც.

რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ, რომელშიც პარტია ,,საქართველოსთვის, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ,,ლელო“ უმრავლესობით არიან წარმოდგენილი, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი ხმაურიანი განხილვის შემდეგ, პირველ მოსმენაზე ჩააგდო და მერიას უკან დაუბრუნა. რუსთავის მერიამ, საკრებულოში ბიუჯეტის პროექტი ოპოზიციის შენიშვნების გათვალისწინებისა და ცვლილებების გარეშე, მეორედ ისევ პირვანდელი სახით შეიტანა.