მაიკლ ბლუმბერგი The Wall Street Journal-ის ან The Washington Post-ის შეძენას განიხილავს

ამერიკელი მილიარდერი, მაიკლ ბლუმბერგი The Wall Street Journal-ის მშობელი კომპანიის, Dow Jones-ის ან გაზეთ The Washington Post-ის შეძენას განიხილავს. ინფორმაციას Axios წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

80 წლის მაიკლ ბლუმბერგის Bloomberg Media სააგენტო Bloomberg-ს და ამავე სახელწოდების ტელეარხს მოიცავს. Axios წერს, რომ მედიამაგნატი მიმზიდველ ვარიანტად კომპანია Dow Jones-ის შეძენას განიხილავს, რომელიც, ასევე, Barron's-ისა და MarketWatch-ის მფლობელია. თუმცა მაიკლ ბლუმბერგი მზად არის, The Washington Post-იც შეიძინოს, თუ მისი ამჟამინდელი მფლობელი, მსოფლიოს ყოფილი უმდიდრესი ბიზნესმენი, ჯეფ ბეზოსი მის გაყიდვას გადაწყვეტს.

ბლუმბერგი დაახლოებულია მილიარდერ რუპერტ მერდოკთან, რომელიც Dow Jones-ის მშობელი კომპანიის, News Corp-ის მფლობელია. თუმცა Axios-მა გაარკვია, რომ ის ჯერ არ დაკავშირებია მერდოკს Dow Jones-ის შეძენის საკითხზე და მესამე მხარეები, მაგალითად, ბანკები შესაძლო გარიგების ღირებულების შეფასებაში ჯერ არ ჩაურთავს. Axios-ის წყარო ამბობს, რომ მაიკლ ბლუმბერგს კარგი ურთიერთობა აქვს ჯეფ ბეზოსთანაც, მაგრამ ისინი ერთმანეთთან ახლოს არ არიან.

Axios-ის თანამოსაუბრის ცნობით, ბლუმბერგი მიიჩნევს, რომ Bloomberg და The Washington Post ერთად The New York Times-ის სერიოზული კონკურენტები გახდებიან, ხოლო Dow Jones-ის შეძენის შემთხვევაში ის ცნობილ ბრენდს პლატფორმა Bloomberg-ის გამოწერის გასაყიდად გამოიყენებს. წყარო ამბობს, რომ რომელი კომპანიაც არ უნდა შეიძინოს მაიკლ ბლუმბერგმა, მის ინტეგრირებას Bloomberg Media-სთან მოახდენს და „ბიზნესსიახლეების უზარმაზარ იმპერიას შექმნის.“

News Corp გამოცემა Axios-თან კომენტარს არ აკეთებს, ხოლო The Washington Post-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „Post არ იყიდება.“ ჯეფ ბეზოსმა The Washington Post 2013 წელს, 250 მლნ დოლარად იყიდა.

მაიკლ ბლუმბერგი მსოფლიოს უმდიდრეს ბიზნესმენებს შორის Forbes-ის სიაში მე-12 ადგილზეა. Forbes Real-Time-ის რეიტინგით, რომელიც რეალურ დროში ახლდება, მისი ქონება 76,8 მლრდ დოლარად არის შეფასებული. 2002 წლიდან 2013 წლამდე ბლუმბერგი ნიუ-იორკის მერი იყო.

ჯეფ ბეზოსი 107,8 მლრდ დოლარით Forbes-ის სიაში მეოთხეზე, ხოლო რუპერტ მერდოკი 16,7 მლრდ დოლარით 98-ე ადგილზეა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ