როგორ დაიწყო და რა ეტაპები გაიარა შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტმა  - „ომის ფაქტორმა პროცესები დააჩქარა“

შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტის იდეა, ჯერ კიდევ 2017 წელს „გროს ენერჯი გრუპის“ გაუჩნდა. თუმცა, როგორც კომპანიის ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყებუჩავა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, მაშინ ევროპის მხრიდან ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება იყო, რადგან მათ ენერგორესურსების მიღება სხვა, ალტერნატიული წყაროებიდანაც შეეძლოთ. მიუხედავად ამისა, ირაკლი ტყებუჩავას თქმით, პროექტზე მუშაობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა და უკვე მას შემდეგ, რაც უკრაინის ომმა, მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, მისი განხორციელება დაჩქარდა.

ცნობისთვის, საქართველომ, რუმინეთმა, აზერბაიჯანმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ახალი ენერგეტიკული კაბელის მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 2.3 მილიარდი ევროა. ამასთან, საქართველო კაბელის მშენებლობისთვის შავი ზღვის ფსკერის შესწავლას 20 მლნ დოლარით დააფინანსებს.

როგორც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ "ბიზნეს პალიტრაში“ სტუმრობისას განაცხადა, აღნიშნული პროექტით, საქართველო ევროპისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი ხდება, რაც ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ქვეყანა უკვე პოლიტიკურად იქნება ევროკავშირის სივრცის ნაწილი.

„გროს ენერჯი გრუპის“ ფინანსური დირექტორი ამბობს, რომ პროექტის იდეა მას შემდეგ წამოვიდა, რაც ქვეყანაში BPI-ის მექანიზმზე გამოცხადდა მორატორიუმი, ამასთან, გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებები აღარ გაიცემოდა, შესაბამისად, ინვესტორები ენერგოსექტორში ფულის ჩადებისგან თავს იკავებდნენ. ირაკლი ტყებუჩავას თქმით, საჭირო იყო გასაღების ბაზრის მოძიება და ალტერნატიული წყაროს შექმნა, რითაც საქართველო ევროკავშირს დაუკავშირდებოდა.

„იდეა გაჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში არ იყო გასაღების ბაზარი. შესაბამისად, ინვესტორები თავს იკავებდნენ ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების ჩადებისგან. კერძოდ, BPI-ის მექანიზმზე გამოცხადდა მორატორიუმი, ამასთან, დაფინანსების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც საქართველოში უკვე აღარ გაიცემოდა, შესაბამისად, დარგში ინვესტიციების შემოდინება აღარ იყო. ეს პროექტი კი აჩენდა ალტერნატიულ წყაროს, რომ ევროპას დავკავშირებოდით, სადაც 3-ჯერ უფრო ძვირად ფასობს ელექტროენერგია. გვინდოდა, რომ სწორედ აქ გვქონოდა გასაღების ბაზარი.

რაც შეეხება წინააღმდეგობას, ალბათ, მიაჩნდათ, რომ სხვა ალტერნატიული გზებით შეეძლოთ მიეღოთ ენერგორესურსი. თუმცა, უკრაინა-რუსეთის ომმა ეს ალტერნატიული გზებიც დახურა და ფაქტობრივად, უალტერნატივო გახადა ჩვენი პროექტი. შესაბამისად, უფრო გააქტიურდა. თორემ, მაშინაც განიხილებოდა და მიმდინარეობდა მუშაობა. აქ ქვეყნების პოლიტიკური მხარდაჭერაა საჭირო, ფინანსური რესურსების მოზიდვა, იმიტომ, რომ 2 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების პროექტია. კონსულტაციებს სულ გავდიოდით. მათი და შესაბამისი კომპანიების ჩართულობის გარეშე, ეს ვერც განხორციელდება. უბრალოდ, ომის ფაქტორმა მათ ინტერესი გაზარდა და ეს პროცესები დააჩქარა“,- ამბობს ირაკლი ტყებუჩავა.

როგორც „გროს ენერჯი გრუპის“ ფინანსური დირექტორი ამბობს, შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტი ეს იქნება ევროპასთან დაახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი. ასევე, ენერგოუსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა, ეკონომიკური წინსვლა და საექსპორტო ბაზარზე წვდომა.

„საერთო ჯამში ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტი“,- აღნიშნავს ირაკლი ტყებუჩავა.

ნინი ქეთელაური