EUAA - წელს ევროკავშირში თავშესაფარი შარშანდელზე 54%-ით მეტმა ადამიანმა ითხოვა - ზრდა გაგრძელდება

ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მომავალშიც გაიზრდება. ამის შესახებ ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ხელმძღვანელმა, ნინა გრეგორიმ მედიაჯგუფ Funke-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„ნათელია, რომ განაცხადების მიღება უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება.“ - აცხადებს ნინა გრეგორი.

მისი თქმით, თანამედროვე სამყაროს დამახასიათებელი ნიშნები არასტაბილურობა და უსაფრთხოების რისკებია, რაც დროებითი არ არის, ხოლო 2021 და 2022 წლებში განვითარებულმა გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა საერთაშორისო დაცვის საჭიროებაზე პირდაპირი გავლენა მოახდინა და ევროკავშირის ქვეყნებში ლტოლვილთა რაოდენობის ზრდა გამოიწვია.

EUAA-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრამდე ევროკავშირში თავშესაფარი, თითქმის, 790 000-მა პირმა ითხოვა, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 54%-ით მეტი, თუმცა 2015 და 2016 წლების, ანუ ევროპაში მიგრაციული კრიზისის დროინდელ მაჩვენებელზე ნაკლებია. თავშესაფრის მაძიებელთა უმრავლესობა სირიიდან, ავღანეთიდან და თურქეთიდანაა. ბოლო დროს თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, ასევე, გერმანიაშიც გაიზარდა.

უკრაინელი ლტოლვილებისთვის ევროკავშირში თავშესაფრის მინიჭების გამარტივებული პროცედურის ფარგლებში, ნინა გრეგორი ამ სისტემის რეფორმირების ინიციატივით გამოდის. მისი შეფასებით, მილიონობით პირის რეგისტრაცია ლტოლვილთა მიღების ევროპულ სისტემებზე „მნიშვნელოვან ზეწოლას“ ახდენს, ამიტომ 2024 წლის ევროპულ არჩევნებამდე სტრუქტურული გადაწყვეტილებები უნდა მოიძებნოს.

4 მარტს ევროკავშირმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის „დროებითი დაცვის დირექტივა“ გაააქტიურა, რომელიც 2001 წელს იქნა მიღებული. ამ დირექტივით უკრაინელებს წევრ ქვეყნებში, მინიმუმ, ერთი წლით დარჩენაზე, ბინადრობის ნებართვაზე, სოცუზრუნველყოფაზე, განათლებაზე, მედიცინასა და შრომის ბაზარზე წვდომა მიეცათ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ