საქართველო 2022 წლის საერთაშორისო რეიტინგებში

საერთაშორისო ორგანიზაციები ყოველწლიურად აკვირდებიან და მუდმივად აახლებენ ქვეყნების რეიტინგებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით. საერთაშორისო ინდექსები კარგი საზომია ქვეყნის მდგომარეობისა ეკონომიკური, პოლიტიკური სტაბილურობისა თუ სხვა მოცემულობის კუთხით და ინვესტორების განწყობებზეც აისახება. მიუხედავად იმისა, რომ წელი ჯერ არ დასრულებულა და ყველა წამყვანი ინდექსი განახლებული არაა, ამ სტატიაში რამდენიმე მნიშვნელოვან გლობალურ რეიტინგში საქართველოს პოზიციას გაგაცნობთ.

ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი

ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი მთლიანი შიდა პროდუქტის მოსახლეობის რაოდენობაზე გაყოფით იზომება. საერთაშორისო დონეზე ქვეყნების შედარებისას ერთ სულ მოსახლეზე მშპ ითვლება მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გამოყენებით (PPP), რაც გულისხმობს სხვადასხვა ვალუტის მსყიდველობითი უნარის გათანაბრებას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი მონაცემებით, საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე (PPP) 19.79 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში 74-ე ადგილზეა. 2021-ში მაჩვენებელი 16.91 ათასი, 2020-ში კი 14.75 ათასი დოლარი იყო.

ეკონომიკური თავისუფლება

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლების დონეს კანონის უზენაესობაზე, მთავრობის ზომაზე, რეგულაციების ეფექტურობასა და ბაზრის ღიაობაზე დაყრდნობით აფასებს. ამ ინდექსით საქართველო 2022 წელს მსოფლიოში 26-ე პოზიციაზე, რეგიონში კი 18-ე პოზიციაზე და 71.8 ქულით ასრულებს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 5.4-ით ნაკლებია. 2021 წელს საქართველო 77.2 ქულით მე-12-ე ადგილზე იყო.

საკრედიტო რეიტინგები

სარეიტინგო კომპანიები ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს ანალიზის მეშვეობით ადგენენ რეიტინგს, რომელიც ორიენტირია ინვესტორებისთვის, თუ რა ხარისხის რისკებს უკავშირდება ამ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელება. Standard & Poor’s, Fitch და Moody’s სამი უმსხვილესი სარეიტინგო კომპანიაა და ზომავენ ქვეყნის, როგორც მსესხებლის უნარს, შეასრულოს სასესხო ვალდებულებები კრედიტორების წინაშე. კომპანიები საქართველოს შემდეგ რეიტინგს ანიჭებენ: S&P – BB/B სტაბილური, Fitch – BB სტაბილური, Moody’s – Ba2 ნეგატიური.

კორუფციის აღქმის ინდექსი

კორუფციის აღქმის ინდექსს გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აქვეყნებს და საჯარო სექტორში კორუფციის დონის წამყვანი საზომია მსოფლიოში. ამ ინდექსის 2021 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 180 ქვეყნიდან 45-ე ადგილზეა 55 ქულით. 2020-ში ქვეყანა ასევე 45-ზე, 2019-ში კი 44-ე ადგილზე იყო.

გლობალური ინოვაციის ინდექსი

გლობალური ინოვაციის ინდექსს მსოფლიოს ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაცია აქვეყნებს, ეყრდნობა საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის გაერთიანების, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებს და ზომავს ქვეყნის ინოვაციურ შესაძლებლობებს სხვადასხვა ჭრილში. ამ ინდექსში საქართველო 2022 წელს 74-ე ადგილზეა 132 ეკონომიკას შორის, რეგიონში კი 11-ზე.

კახი ჩაკვეტაძე