მორატორიუმი აღარ გაგრძელდება - 2023 წლიდან საქართველო ევრო-5 ტიპის დიზელს აზერბაიჯანიდანაც მიიღებს

მორატორიუმი აღარ გაგრძელდება. 2023 წლიდან საქართველო დიზელის ევრო-5 ტიპის დიზელს აზერბაიჯანიდანაც მიიღებს.

შეგახსენებთ, საქართველო ევრო 5-ის სტანდარტის დიზელზე 2020 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა გადასულიყო. თუმცა ბიზნესი და იმპორტიორები რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდნენ, რომ თარიღი გადაწეულიყო. ძირითად არგუმენტად კი რუსეთზე ნავთობ დამოკიდებულების ზრდას და ამასთანავე, საწვავის გაძვირებას ასახელებდნენ. ბიზნესი ამბობდა, რომ 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ახალ სტანდარტზე გადასვლა დიზელის საწვავს 20-25 თეთრით გააძვირებდა. მათივე პოზიცია იყო, რომ ეკოლოგიური ეფექტი, რომელზეც მთავრობა საუბრობდა, ბუნდოვანია, რადგან მოძველებული ავტოპარკის პირობებში უკეთესი ხარისხის საწვავი გოგირდის შემცირებას ნაკლებად გამოიწვევს. იმპორტიორთა მოთხოვნის მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ 2021 წლიდან აზერბაიჯანში ევრო-5-ის ტიპის დიზელის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდებოდა.

თუმცა, როგორც ,,სოკარ ჯორჯიაში" აცხადებდნენ, საწარმოს ამოქმედება ორჯერ პანდემიის მიზეზით გადავადდა.

ხელისუფლებამ არგუმენტები, იმპორტიორების და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მოთხოვნა გაითვალისწინა და მთავრობის დადგენილებით ცვლილებას ჯერ 1-წლიანი მორატორიუმი დაედო, შემდეგ კი, ვადა ორჯერ გახანგრძლივდა.

რადგან ბოლო მორატორიუმის ვადა 2023 წლის 1-ელ იანვარს იწურება, ,,ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, ამოქმედდება თუ არა ნავთობ გადამამუშავებელი საწარმო 2023 წელს. ,,სოკარში" დაგვიდასტურეს, რომ მომავალი წლიდან ევრო-5-ის ტიპის დიზელს საქართველო აზერბაიჯანისგან მიიღებს, შესაბამისად, საჭირო აღარ იქნება მორატორიუმის გახანგრძლივება. კომპანიაში, დამატებით კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გავრცელდება.

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანში წელს ევრო-5 სტანდარტის დიზელის საწვავის, ხოლო 2023 წლის მეორე კვარტალში ევრო-5-ის ბენზინის წარმოება იგეგმება. ამის შესახებ ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ემილ ალხასლიმ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა.

თამარ მუკბანიანი