„თუ ასეთი ტენდენციები გვექნება, გადავიქცევით რუსეთის უკანა გამაჯანსაღებელ ეზოდ და გადაღლილი რუსი ჯარისკაცების ოჯახები აქ დასასვენებლად ჩამოვლენ. იმედია, ეს ასე არ იქნება“

2022 წელს ტურიზმის აღდგენითა და შედეგებით კმაყოფილია ხელისუფლება, თუმცა, სექტორის წარმომადგენლები მიმდინარე ტენდენციებს დადებითაც ვერ აფასებენ. „კავკასუს თრეველის“ დამფუძნებელი საბა კიკნაძე ამბობს, რომ მთავრობის სიხარული, თანხიდან (ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიდან) გამომდინარეობს, რომელიც სინამდვილეში „ციდან ყუმბარასავით ჩამოვარდა“.

როგორც მან რადიო „პალიტრისა“ და "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ის, რაც წელს საქართველოში მოხდა, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა გამოიწვია, ეს კი ნამდვილი, ტრადიციული და საქართველოსთვის შესაფერისი ტურისტული ბაზარი არ არის.

„ხელისუფლების კმაყოფილების ინდექსი უპირველეს ყოვლისა თანხიდან გამომდინარეა, რომელიც ციდან ყუმბარასავით ჩამოვარდა. იმიტომ, რომ ომის ბრალია ის ყველაფერი, რაც წელს საქართველოში მოხდა. სწორედ უკრაინის ომის, რომელმაც ასობით თუ არა, ათიათასობით უცხოელის, კერძოდ, რუსის შემოსვლა გამოიწვია საქართველოში.

პირდაპირ რომ ვთქვათ, აღდგენილია თუ არა ძველი ბაზარი, ისეთი როგორიც იყო 2019 წელს, არა, ეს ბაზარი არ აღდგენილა. იმიტომ, რომ სწორედ ამ ომმა შეგვიშალა ხელი. ტრადიციული, სწორი, ნამდვილად საჭირო, დამიზნებული და ისეთი ტურისტული ბაზარი, რომელიც უხდება ამ ქვეყანას, არა შესახედავად, არამედ გრძელვადიანად, სტრატეგიულად (ეს არის ევროპა, დასავლეთის განვითარებული ქვეყნები და მათგან ჩამოსული ტურისტები), ეს ბაზარი არ აღდგენილა, მხოლოდ 20-25%, სწორედ იმიტომ, რომ ომი იყო.

მეორე მხრივ, სწორედ იმიტომ, რომ ომი იყო, სახელმწიფოში ბევრი დოლარი შემოვიდა. ცხადია, შემოვიდოდა. ის პირველი ნაკადი გამოიქცა, რადგან უკვე დაჭერები ემუქრებოდათ საკუთარი პოზიციებისა და გამოთქმების გამო, შედეგად, ე.წ დეზერტირების და ომში წასვლის არამოსურნე ვეებერთელა ნაკადი მივიღეთ, რომელთაც თავად არ სურდათ ომში წასვლა, თორემ შეიძლება, საწინააღმდეგო არაფერი აქვთ იმის, რასაც რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკა ჰქვია.

ასე რომ, პოლიტიკაზე გადასვლის გარეშე, ეს ის ფული არ არის, რომლითაც ჩვენ სტრატეგიულად უნდა მივიწევდეთ წინ და ეს ის წელი არ არის, რომელიც ჩვენს ტენდენციებს უხდება.

თუ ასეთი ტენდენციები გვექნება, გადავიქცევით რუსეთის უკანა გამაჯანსაღებელ ეზოდ და გადაღლილი რუსი ჯარისკაცების ოჯახები (ან ნებისმიერი სხვა) აქ დასასვენებლად ჩამოვლენ (როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს). იმედია, ეს ასე არ იქნება“,- განაცხადა საბა კიკნაძემ.

ნინი ქეთელაური